18:07 | 2020-03-11 ავტორი: თამარ გონგაძე

„ბაში-აჩუკის“ სიმღერის გაგონებაზე მხიარულდება“ – დღემდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძეზე

„ბაში-აჩუკის“ სიმღერის გაგონებაზე მხიარულდება“ – დღემდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძეზე

დღესდღეობით ქვეყანაში ყველაზე სანდო და რეიტინგულ პერსონებად – ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ითვლებიან. საზოგადოება მათ მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას გულდასმით ისმენს და იჯერებს. დამსახურებული სიმპათიის უკან პროფესიონალები დგანან.

 

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს 2001 წლის დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ჟურნალი „სარკისთვის“ 18 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში გამყრელიძის ცოლი, ექიმი მარინა კოპაძე-კვეზერელი მეუღლეს შემდეგნაირად ახასიათებს.

 

„ჩვენ თანაკურსელები ვართ. ბრაზიანი და პირქუში არ არის. დამთმობია და მე მისი ეს თვისება მომეწონა. იმას აღარ მივაქციე ყურადღება, რომ ბოლოს მაინც თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. დაძაბული რიტმი აქვს და ალბათ დაღვრემილ სახეს ეს უქმნის. შვილები ეუბნებიან, ტელევიზორიდან მაინც ნუ იბღვირებიო.

 

სიყვარული სოხუმში ამიხსნა. ზამთრის არდადეგებზე ვისვენებდით. ზღვის ნაპირზე ორნი ვისხედით. გარშემო რუსის ბავშვები დარბოდნენ, ეტყობა, სახეზე შეგვატყვეს რაზეც ვსაუბრობდით და ყიჟინა დაგვცეს – „ტილი, ტილი ტესტა, ჟენიხ ი ნევესტაო!“
წიგნების კითხა უყვარს. უცხოეთიდან ყოველთვის ჩამოაქვს წიგნები და თაროებს ახლებურად ალაგებს“ – აცხადებს ქალბატონი მარინა.
როგორც ამ ინტერვიუდან ირკვევა, ბატონი ამირანი კალათბურთს თამაშობდა, საქართველოს ნაკრებშიც ყოფილა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი გამხდარა.

 

ექიმ მშობლებს ძალიან სურდათ, რომ შვილებიც ექიმები გამოსულიყვნენ. მთელ იმედებს ნიკუშაზე ვამყარებდით, მაგრამ არ გაგვიმართლაო, ამბობდნენ 2002 წელს მიცემულ ინტერვიუში. ეს ის ნიკუშაა, რომელიც ახლა კორონავირუსითაა იმფიცირებული. „ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია” – ასე გამოეხმაურა მამა შვილის მდგომარეობას.

 

წლების წინ კი ნიკუშა და მისი და, თამუნა მამას ასე ახასიათებდნენ.
ნიკუშა გამყრელიძე: – ექიმობა არ მინდა, ჯანდაცვის მენეჯმენტი მაინტერესებს. მამის დამჯერ შვილად ვითვლები, თუმცა მისი ყველა თვისება არ მომწონს. სახლში არავის გველაპარაკება. შეიძლება ბევრი რამ კითხო, მაგრამ არაფერზე გიპასუხოს. შეიძლება ჩვენთან საუბრის ძალა აღარ რჩება.

 

თამუნა გამყრელიძე: – მე და მამა მეგობრები ვართ. მამა მართალია წყნარია, მაგრამ ხუმრობა უყვარს. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, „ბაში-აჩუკის“ სიმღერის გაგონებაზე მხიარულდება. ბავშვობაში მუსიკალურ ათწლედში მისაღებ გამოცდაზე რომ კითხეს, რას გვიმღერებო, ეს სიმღერა დაუწყია. მაგრამ ისე უმღერია, რომ არ მიიღეს.

 

მარინა კოპაძე-კვეზერელი: – ვისაც უნდა ამირანი კარგ ხასიათზე დააყენოს, „ბაში-აჩუკის“ სიმღერა უნდა უმღეროს. მინისტრად რომ დაამტკიცეს, მის მეგობრებს შევუთვალე – გუნდი შექმენით, დილაობით „ბაში-აჩუკის“ სიმღერა წაუმღერეთ და კარგი განწყობა ექნება-მეთქი.

ავტორი: თამარ გონგაძე

X