
მსახიობ მაკა შალიკაშვილს ინფექციონისტ ექიმებთან პირადი შეხება ჰქონდა.
როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, იქ მსახიობის მამას მკურნალობდნენ ჰეპატიტს. ამიტომ ექიმებისადმი მიძღვნილი გუშინდელი “მადლიერების ტაშის” აქცია მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო და აქციას ბათუმიდან შეუერთდა.
მაკა შალიკაშვილი: – გული ძალიან ამიჩუყა ამ “მადლიერების ტაშმა.” და ბათუმიდან შევუერთდი აქციას. მე ინფექციური საავადმყოფოს ექიმებთან მამას გამო მქონია შეხება. მას და ჩემს მამიდაშვილს C ჰეპატიტი ჰქონდათ და იქ მკურნალობდნენ.
ნანა ოქროსცვარიძე – ინფექციონისტი ისეთი ექიმია, ჩუმად და წყანარად რომ მუშაობს, თავის ქების გარეშე, “ფეისბუქიც” არ აქვს. არც პაატა ამირხანაშვილს აქვს სოციალური ქსელი. ქეთი ვარდოსანიძე, ექოსკოპისტიც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. ეს გმირი ხალხი, ყველანი უანგაროდ მუშაობენ. ნანახი მაქვს მონაზვნებს, ბერებს, მამაოებს როგორ ემსახურებიან. ექიმები თავიანთ თავზე არაფერს ამბობენ, მხოლოდ მუშაობენ. უგვირგვინო მეფეები და გმირები არიან. რამდენი ხანია თენგიზ ცერცვაძე ამ საქმეებს აკეთებს, უხმაურია?
ცოტა ხნის წინ ლიპომის ოპერაცია გავიკეთე და დიდი მადლობა ყველა ექიმს ჩემგან. მადლობა დირექტორიდან დაწყებული კლინიკის დარაჯით დამთავრებული – ყველას. მადლობა ასევე სულის ექიმებს, მოძღვრებს. დღეს მე ამ ორ ადამიანთა კატეგორიას გამოვყოფ, მათ უნდა ვენდოთ. ბედნიერებაა თუ მოძღვარი ექიმიც არის პროფესიით.
დღეს მე ზიარების საიდუმლოებაზე დავფიქრდი. ბევრჯერ უარი მიმიღია ზიარებაზე, უკან გამოვუბრუნებივარ მოძღვარს და ადამიანურად გავნაწყენებულვარ, რატომ არ მაზიარა-მეთქი. იცით, რას ვფიქრობ? ჩემი მამაო რომ გამოვიდეს ბარძიმით და კოვზით – მოდით ყველანი, უნდა გაზიაროთო, ნეტა, ისევ ისე სულსწრაფად მივირბენთ, როგორც აქამდე ვიქცეოდით? ალბათ, მისვლამდე ვიყოყმანებთ, ვართ თუ არა მზად ამ დიდი მადლის მისაღებად. დღეს ამ ფაქტმა დიდად დამაფიქრა. ალბათ, კორონავირუსმა მთელი სამყარო რაღაცებზე დააფიქრდა.






















