17:45 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

„ეს რა მუშაობაა, არ ვიცი, ფული არ არის“ – რაზე წუხს მერაბ კოკოჩაშვილი

„ეს რა მუშაობაა, არ ვიცი, ფული არ არის“ – რაზე წუხს მერაბ კოკოჩაშვილი

მერაბ კოკოჩაშვილი ფილმს იღებს. აკა მორჩილაძის მოთხრობის „პერსო მონდოს“ მიხედვით სცენარი თვითონ დაწერა. „სიცილიც იქნება, ტირილიც, დრამაც და ომიც“ – ფილმის ჟანრს გვიმხელს რეჟისორი.

 

უფინანსობის გამო ჯერჯერობით გადაღები შეჩერებული აქვს.

 

მერაბ კოკოჩაშვილი: – ეს რა მუშაობაა, არ ვიცი, ფული არ არის… ძალიან მიჭირს. ორი დღის წინ მთიდან ჩამოვედი, ერთი ეპიზოდი გადავიღე და ახლა პროდიუსერი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ და მისი დირექტორი ხათუნა ხუნდაძე ფულს დაეძებს, რომ გავაგრძელოთ ფილმის გადაღება. ქართული კინოს შესახებ არის კანონი. მისი მიხედვით ფილმის ბიუჯეტის 75 პროცენტი სახელმწიფომ უნდა გაიღოს, 25 პროცენტი პროდიუსერმა მოიძიოს. ახლა პირიქითაა, მეხუთედი სახელმწიფომ გაიღო და დანარჩენს პროდიუსერი დაეძებს. გვაქვს ეპიზოდები, რომელიც უცხოეთში უნდა გადავიღოთ. უნდა ვიბრძოლოთ. ფილმი მარტში უნდა გამოსულიყო. საუკეთესო შემთხევვაში წლის ბოლოს გამოვა.

 

 

როგორც ამბობს, უფინანსობის გამო ფილმის გადაღების გაჯანჯლება პირველი შემთხვევა არ არის. 1997 წელს დაწყებული „ნუცას სკოლის“ გადაღება 2000 წელს დასრულდა. ფილმის დასამთავრებელი ფული ბოლოს შვეიცარიელებს გადაუხდიათ.

 

რაც შეეხება „პერსო მონდოს“, მასში მთავარ როლებს – ლევან წულაძე, დუტა სხირტლაძე და ქეთა შათირიშვილი თამაშობენ.

 

ლევან წულაძესთან („ჭოლას“ მეტსახელით ვიცნობთ), როგორც მსახიობთან, მერაბი უკვე მესამედ თანამშრომლობს. „ჭოლა“ გადაღებული ჰყავს მოკლემეტრაჟიან ფილმებში – „ვარიაცია ოტელოს თემაზე“ და „უსუი“.

 

მერაბ კოკოჩაშვილი: – მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ „ჭოლა“ შესანიშნავი მსახიობია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი რეჟისორია და მასთან დიდი სიამოვნებით ვმუშაობ. ის, რაც მსახიობს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. როგორც ვიცი, თეატრალურ უნივერსიტეტში როდესაც ჩააბარა, თავიდან სამსახიობოზე სწავლობდა და მერე გადავიდა სარეჟისორო ფაკულტეტზე. „ჭოლას“ გმირი თანამედროვე ადამიანია, რომელმაც ყველაფერი გამოიარა, რაც ჩვენ უკანასკნელი 40  წლის მანძილზე.

 

 

– რას ამბობთ ახალი ფილმით?

 

– რთულია ამის თქმა. ილია ჭავჭავაძეს კარგად აქვს ნათქვამი – „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. კულტურა და განათლება ცივილიზებული ქვეყის საფუძველია. ჩვენ ეს დავკარგეთ. თუმცა გამოსავალს ვხედავ. ის განათლებაშია. სამხრეთ კორეა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დღეს. რატომ? იმიტომ რომ განათლებას, კულტურად და ტექნოლოგიურ სიახლეებს აყენებენ წინა პლანზე. 30 წლის წინ ამერიკაში ყოფნის დროს დავაფიქსირე, რომ ყველა ბიბლიოთეკაში კორეელები ისხდნენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. სხვა არაფერი გვაქვს, რითიც უნდა ვიარსებოთ.

ავტორი: Prime Time

X