
„ევროპული საქართველო“ დღეს დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, ჩვენ ვაპირებთ შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ამასთან ბაქრაძემ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა მკაფიოდ აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს – უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები.
„კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის დასამარცხებლად. ამავე დროს, ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა და დღეს არის დრო, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი, ვისაც რა შეგვიძლია, კორონავირუსის, ჩვენი მთავარი მტრის დამარცხებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, არღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც იცით რომ გრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. თუმცა მინდა აქვე განვმარტო, ყველამ ვიცით, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს გარკვეული შეზღუდვები, მას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მძიმე და არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა უნდა მკაფიოდ აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს – უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საგანგებოს გამოცხადებას და მივცეთ ხელისუფლებას ყველა ის ბერკეტიმ რომელიც მას სჭირდება კოონავირუსთან საბრძოლველად,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.






















