15:47 | 2020-03-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელი თვითიზოლაციაშია და წიგნს ყოველდღე წერს

„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელი თვითიზოლაციაშია და წიგნს ყოველდღე წერს

„სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს შემქმნელმა ჯორჯ მარტინმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა ახალი სტატია „უცნაური დღები“, სადაც წერს, თუ რას აკეთებს პანდემიის დროს. 71 წლის მწერლის თქმით, მან დროებით გააუქმა ყველა დაგეგმილი პროექტი და სახლში გამოიკეტა.

 

„ვიცი, რომ შევდივარ რისკ ჯგუფში, ჩემი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და მთელი ოჯახი თავდაცვის ყველა ზომას ვიყენებთ“, – წერს მარტინი. მისი თქმით, ის იზოლირებულ გარემოში იმყოფება, სადაც მასთან მხოლოდ ერთი თანამშრომელი მიდის. მარტინი ამბობს, რომ ქალაქში არ გადის და არავის ხვდება.

 

„სიმართლე რომ გითხრათ, ვესტეროსში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე რეალურ სამყაროში. ვწერ ყოველდღე. შვიდ სამეფოში საშიში რაღაცები ხდება…თუმცა შეიძლება არც ისეთი საშიში, რაც შეიძლება ჩვენს სამყაროში მოხდეს“, – აღნიშნავს ჯორჯ მარტინი.

 

მწერალი სავარაუდოდ ამ ეტაპზე „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ საგის მეექვსე ნაწილზე, „ზამთრის ქარებზე“ მუშაობს. ამ წიგნზე მუშაობა მან დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო. სავარაუდოდ ის 2020 წლის ბოლოსთვის მზად იქნება.

 

ცნობისთვის, სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ უკვე დასრულებულია, თუმცა ისტორია ისტორიის „წიგნიერი“ დასასრული ფანებმა ჯერ კიდევ არ იციან.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X