14:51 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

„სასტუმრო დაკეტილია და ჯავშანს ვერ გავაკეთებთ!“ – რატომ დაიკეტა გუდაურში კიდევ ერთი სასტუმრო

„სასტუმრო დაკეტილია და ჯავშანს ვერ გავაკეთებთ!“ – რატომ დაიკეტა გუდაურში კიდევ ერთი სასტუმრო

გუდაურში მყოფი კორონავირუსის მატარებელი უცხოელი ტურისტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „გეოგრაფიდან“ რამდენიმე ტურისტი და თანამშრომელი, კორონავირუსზე ანალიზის ჩასატარებლად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ თბილისში გადმოიყვანა. ამაზე „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი ესაუბრა.

 

„ბოლო ორი დღეა, გუდაურში განსაკუთრებული მობილიზებაა. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, კურორტზე ჩეხი ტურისტები ისვენებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს 13 მარტს, პრაღაში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სასტუმრო „გეოგრაფთანაც“ ჰქონდა შეხება. გუშინ, სასწრაფო ეკიპაჟმა „გეოგრაფიდან“ ორი ტურისტი ვირუსულ ინფექციაზე ანალიზის ჩასატარებლად წაიყვანა. თვითიზოლაციაში იმყოფება სასტუმროს მფლობელიც. განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო იმათ გამოსავლენად, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ, ეს იქნება კაფე-ბარი, სასრიალო ტრასები, ტურისტები თუ სხვა ლოკაციაზე მყოფი პირები“. – ამბობს წყარო.

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფიდენციალობის დაცვის გამო, გუდაურიდან გადმოყვანილი ადამიანების შესახებ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებენ.

 

„ვერ გეტყვით ამის შესახებ ვერაფერს, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“, – აცხადებენ უწყებაში.

 

„პრაიმტაიმი“ სასტუმრო „გეოგრაფს“ დაუკავშირდა, როგორც ადმინისტრატორმა განაცხადა, ამ საკითხზე ის კომენტარს ვერ გააკეთებს და დირექტორთან გადაგვამისამართა.

 

„პრაიმტაიმი“ სასტუმროს ხელმძღვანელს, ლელა ჯიქურაულსაც დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, სასტუმრო საკარანტინო რეჟიმში არ გადასულა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დასმულ კითხვას, ლელა ჯიქურაულმა განაცხადა, რომ სასტუმროს მფლობელი თბილისში იმყოფება. ასევე, ის ამბობს, რომ მათთან უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

 

„მფლობელი თბილისში იმყოფება, არ არსებობს ის თვითიზოლაციაში იყოს, არ ვიცი. არ ვიცი საიდან გაიგეთ. საკარანტინო რეჟიმში არ გადავსულვართ. ეს სასტუმროა და ხან უცხოელები ისვენებენ, ხანაც ადგილობრივები“ –  განაცხადა ლელა ჯიქურაულმა და შემდგომ საუბარს თავი ტელეფონის გათიშვით აარიდა. ის არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას პასუხობს.

 

სანდო წყაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი სასტუმროს ადმინისტრატორს, როგორც პოტენციური ვიზიტორი დაუკავშირდა. მისი თქმით, ნომრის დაჯავშნა შეუძლებელია, რადგან „გეორგრაფი“ დაიკეტა.

 

„სამწუხაროდ, სასტუმრო დაკეტილია და ჯავშანს ვერ გავაკეთებთ“ – განაცხადა ადმინისტრატორმა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

 

ავტორი: Prime Time

X