16:25 | 2020-03-17 ავტორი: თამარ გონგაძე

„შეგრძნება მაქვს, ნიკოლოზი უსახსროდ დარჩა და ყველა თანხა ჩვენ ჩაგვირიცხა“ – დედა თინათინი

„შეგრძნება მაქვს, ნიკოლოზი უსახსროდ დარჩა და ყველა თანხა ჩვენ ჩაგვირიცხა“ – დედა თინათინი

ნიკოლოზ რაჭველი ბერია ანდრიას ფონდთან მეგობრობს. ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მფარველობს. რაჭველს არაერთი საქველმოქმედო კონცერტი მიუძღვნია ფონდისთვის. ამჯერად, მაესტრო ფონდის მფარველობაში მყოფ ბავშვებს საკუთარი სახსრებით დაეხმარა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ფონდის დამფუძნებელმა დედა თინათინმა განუცხადა.

 

დედა თინათინ ჩხვიმიანი: – ნიკოლოზი ჩვენ კარგად გვიცნობს. ჩვენს საქმიანობაში ჩახედულია. მან ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მირანდა კუპრავასგან შეიტყო. მირანდა პიარში გვეხმარება. როდესაც მირანდამ მომიკითხა, ვუთხარი, შეშინებული ვარ, კარანტინში ვართ, ბოლო ტომარა ფქვილი გავხსენი, კარტოფილი ჯერ მაქვს-მეთქი. ამ სიტუაციაში ვის რა ვთხოვო, ძალიან რომ გავიჭედებოდი, მერე კი მივწერდი ვინმეს დასახმარებლად. მოკლედ, მირანდამ ფონდთან დაახლოებულ ყველა გულშემატკივარს მიწერა ჩვენი მდგომარეობა. მიწერა დავით ნარმანიას და სემეკის თანამშრომლებმა პროდუქტები მოგვიტანეს. ნიკა რაჭველმა მაშინვე დამირეკა და მანუგეშა, ნუ გეშინიათ, ბავშვებს მიხედეთ, ახლა მცირე თანხას გადმოვრიცხავ და მერე დიდ პროექტს გაგიკეთებთო. მე ვიცი ნიკოლოზი მდიდარი ადამიანი არ არის, ალბათ, გათვლილი აქვს ყველაფერი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თვითონ უსახსროდ დარჩა და ყველაფერი ჩვენ ჩაგვირიცხა-მეთქი. ძალიან გამიხარდა, ისეთი იმედი და სტიმული მომეცა…

 

მე სოხუმელი, ომის ვეტერანი ვარ. მთელი ომის დროს მე ასეთი განცდა და შიში არ მქონია. არც პანიკური შეტევა. ქალაქის დაბომბვა რომ იწყებოდა და სირენა ჩაირთვებოდა, მქონდა შიში – ნეტა, ეს ჭურვი სად დაეცემა-მეთქი. რომ გადაიფრენდა, სიხარული მიპყრობდა, მაგრამ იმ წამსვე ის გრძნობა მეუფლებოდა, ნეტა ვის დაეცა-მეთქი. ახლა არც სირენა ირთვება, არც ჭურვი დაფრინავს, მაგრამ ბევრად უფრო ცუდად ვარ, ვიდრე მთელი ომის მანძილზე. მეშინია ბავშებს ვირუსი არ შეეყაროთ. ყველაზე დაბალი იმუნიტეტი აქვთ. 11 ბავშვი მყავს კარანტინში. ვისაც ქიმია არ სჭირდებოდა, სოფლებში გავუშვი და იქაც იზოლაციაში ვამყოფებ, ვაკონტროლებ სატელეფონო ხაზზე ვარ მშობლებთან.
მოკლედ, ეს კეთილი ადამიანები გვერდში რომ დამიდგნენ, იმედი მომეცა.

 

გთავაზობთ ბერი ანდრიას ფონდის ანგარიშის ნომრებს:

TBC‎ BANK
GE73TB7171536080100002

BAGAGE22
GE38BG0000000855311400

LBRTGE22
GE88LB0115143636765001

ავტორი: თამარ გონგაძე

X