
როგორია, საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებების სტატისტიკა
დაავადებათა კოტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული დაავადებების სტატისტიკას. მართალია ბოლო მონაცემები 2018 წლის მდგომარეობას ასახავს, თუმცა დინამიკის გარკვევა ადვილად შესაძლებელია.
ტუბერკულოზი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ისევე როგორც ადგილობრივი მონაცემების თანახმად, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია, თუმცა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს. 2018 წელს აღირიცხა ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2590 შემთხვევა, მათ შორის 2320 ახალი და რელაფს-შემთხვევა.

აივ ინფექცია/შიდსი
საქართველო აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა მაღალი რისკის ჯგუფში (მსმ) აივ ინფექციას აქვს კონცენტრირებული გავრცელების სახე. უკანასკნელ წლებში საქართველოში აივ-ინფექციის ინციდენტობის მაჩვენებელი მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოში აღირიცხა აივ-ის 672 ახალი შემთხვევა (მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე – 18.0), რაც წინა წელთან შედარებით 6.5%-იან ზრდაზე მიუთითებს.

C ჰეპატიტი
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორისაა. თუმცა აღნიშნულის მიზეზი საფუძვლიანად შესწავლილი არ არის. უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში С ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 7,7%-ია, აქტიური დაავადება კი 5,4%-ს აქვს. უმნიშვნელოვანესი და ეფექტური აღმოჩნდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. 2019 წლის საერთაშორისო ღვიძლის კონგრესზე საქართველოს გადაეცა მსოფლიოში პირველი „ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის“ სტატუსი.

სქესობრივი დაავადებები
ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რაოდენობის მატება. შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სიფილისი, რომელთაც მოყვება გენიტალური ჰერპესი და გონორეა.

სისხლის მიმოქცევის დაავადებები
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების წილი ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა დაავადების 15.3%-ს, ხოლო ახალი შემთხვევების 7.4%-ს შეადგენს. ავადმყოფობათა ამ ჯგუფში მაღალი ავადობით და სიკვდილიანობით ხასიათდება ჰიპერტენზიული, იშემიური და ცერებროვასკულული ავადმყოფობები. 2000-2018 წლებში საქართველოში აღინიშნება სისხლის მიმოქცევის ავადმყოფობების პრევალენტობის ზრდის ტენდენცია.

დიაბეტი
ენდოკრინული სისტემის დარღვევების წილი საკმაოდ დიდია არაგადამდებ დაავადებათა შორის, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

სასუნთქი გზების დაავადებები
2018 წელს ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობების ჯგუფში 75.9% ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ ავადმყოფობებზე მოდიოდა.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობის ძირითად მიზეზს თამბაქოს კვამლი (პასიური მოხმარების ჩათვლით) და ელექტრონული სიგარეტი წარმოადგენს. სხვა რისკ-ფაქტორებია: შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები.

კიბო
2018 წელს ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 56.8% ქალებში, 43.2% – კაცებში აღირიცხა. ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში (30 წლიდან 70 წლამდე), შემთხვევათა – 26.3% – 70 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში, 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის შემთხვევათა 0.7%, 15 – 19 წლის მოზარდებზე – 0.6%
2011 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები, მიზნობრივი პოპულაცია:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;
- პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის;
- კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

ფსიქიკური აშლილობა
2018 წლის ბოლოს საქართველოს ამბულატორულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში რეგისტრირებულია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76508 შემთხვევა, მათ შორის ბავშვებში – 3217 შემთხვევა. სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულია 4859 შემთხვევა, მათ შორის 779 ბავშვებში.

ნევროლოგიური დაავადებები
2018 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ნევრული სისტემის დაავადებების 151315 შემთხვევა, მათ შორის 58139 ახალი შემთხვევა. ბოლო წლებში არსებული ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია შეიცვალა და 2018 წელს როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში დაფიქსირებულია ახალი შემთხვევების რიცხვის და, შესაბამისად, ინციდენტობის კლება.























