11:53 | 2020-11-13 ავტორი: თამთა თორდია

10 მნიშვნელოვანი კინონამუშევარი რასიზმის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

10 მნიშვნელოვანი კინონამუშევარი რასიზმის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

კანის ფერი არ არის პრივილეგია – წესით ამ ელემენტარულ საკითხზე მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, თუმცა ფაქტია, რომ რასიზმი კვლავ რჩება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად.

 

თითოეულმა ჩვენგანმა აუცილებელია გავაცნობიეროთ, თუ რა გააზრებული ან გაუცნობიერებელი პრივილეგიებით ვსარგებლობთ. ამისათვის საჭიროა ინფორმაციის მიღება: კითხვა, ყურება, მოსმენა, ამ მძიმე საკითხებზე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საუბარი, რათა ჩვენი რეალობიდან დისკრიმინაციის საბოლოოდ აღმოფხვრა მოვახერხოთ.

 

PrimeTime რასიზმთან დაკავშირებით 10 ფილმსა და სერიალს გთავაზობთ, რომელთა სიუჟეტები რეალურ ისტორიებს ეფუძნება:

 

1. WHEN THEY SEE US

 

სიტუაცია 1989 წლის შტატებში ვითარდება. სამართალდამცავები 5 ფერადკანიან ბიჭს დააკავებენ, შემდეგ კი იძულებითი აღიარების მცდელობით ცენტრალ-პარკის ცივსისხლიან მკვლელობაში ბრალს დადებენ.

 

ნახეთ როგორ გამოიყურებიან დღეს ცენტრალ-პარკის საქმის რეალური პერსონაჟები → უდანაშაულო „დამნაშავეები“ 

 

2. 13TH

 

მონობიდან კრიმინალობამდე. ეს არის ფილმი, რომელიც აშშ-ში რასათა უთანასწორობის შესახებ მოგვითხრობს, ყურადღებას კი ზედმეტად ბევრი აფროამერიკელის პატიმრობაზე ამახვილებს.

 

3. 13TH: A CONVERSATION WITH OPRAH WINFREY AND AVA DUVERNAY

 

რეჟისორი ევა დუვერნეი ტელეწამყვან ოპრასთან ერთად ოსკარზე ნომინირებულ თავის ფილმს – 13TH-ს განიხილავს. ისინი ჩაგვრაზე, რასიზმთან დაკავშირებული ისტორიული ჯაჭვებისა და ამერიკის უსამართლო სააღსრულებო სისტემის შესახებ საუბრობენ.

 

4. THE HATE U GIVE

 

გოგონა სახელად სტარი თავისი შავკანიანი მეგობრის მკვლელობას შეესწრება, რომელიც პოლიციელმა ჩაიდინა. ამის გამო, იგი იძულებული ხდება იპოვოს თავისი შინაგანი ხმა, რათა, როგორც მისი, ასევე სხვების უფლებებიც დაიცვას.

 

5. TIME: THE KALIEF BROWDER STORY

 

სერიალი კალიფ ბრაუდერის ტრაგიკული საქმის შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა, მან 3 მძიმე წელი ციხეში, მაინც გაატარა.

 

6. THE BLACK POWER MIXTAPE 1967-1975

 

ფილმი შვედი ჟურნალისტების მიერ Black Power Movement-ის ევოლუციის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც 1967-1975 წლებში გადაღებული კადრებია გამოყენებული.

 

7. DEAR WHITE PEOPLE

 

სერიალი ამავე სახელწოდების 2014 წლის ფილმის მიხედვითაა გადაღებული. იგი ოთხი შავკანიანი სტუდენტის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც რასიზმისა და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ხმამაღლა საუბრობენ.

 

8. FRUITVALE STATION

 

ფილმი ოსკარ გრანტის ცხოვრების დიდი ტრაგედიის შესახებ გვიყვება და ფაქტობრივად, მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. 2009 წელს, გრანტი სან-ფრანცისკოს პოლიციას ახალი წლის დღეს ემსხვერპლა.

 

9. MALCOM X

 

ფილმი გვიამბობს, თუ როგორ ებრძვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალკომ იქსი რასიზმს, დისკრიმინაციას და როგორ ახდენს მისი შთამაგონებელი აზრები მილიონობით ადამიანზე ზეგავლენას.

 

10. SELMA

 

ფილმი 1965 წლის მარტში სელმადან მონტგომერიმდე გამართულ არაძალადობრივ მარშზე მოგვითხრობს. მასში ძლიერი რასისტული ჩაგვრა და შავკანიანთათვის, უსამართლო არჩევნების სისტემაა წარმოდგენილი. ამ მნიშვნელოვანმა ისტრიულმა მომენტმა, მსოფლიოს დიდი გარდატეხა მოუტანა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: თამთა თორდია

X