11:35 | 2021-07-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

11 წლის გოგომ შეტყობინება მიიღო – „პატარავ, ხომ გესიამოვნა ჩემი შეხება?..“

11 წლის გოგომ შეტყობინება მიიღო – „პატარავ, ხომ გესიამოვნა ჩემი შეხება?..“

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის პროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“ პატარა გოგოების ისტორიას აქვეყნებს.

 

მსხვერპლი გოგო ახლა 20 წლისაა და აღნიშნავს, რომ მას ახლაც უჭირს მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.

 

“სამწუხაროდ, ძალიან პატარა ვიყავი, როცა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გავხდი. უფრო ცუდი ისაა, რომ იმ არაკაცმა ჩემი დაც შეავიწროვა.

 

დაახლოებით 9-ის ან 10-ის ვიქნებოდი, ჩემი და 11-ის იქნებოდა, სკოლის შემდეგ მამასთან მივდიოდით კაფეში და ცოტა ხანი იქ ვიყავით.

 

კაფეში სულ ორი გოგო იყო დამხმარე პერსონალი, დანარჩენი – ბიჭები, დაახლოებით 25 წლამდე ასაკისა. ერთ-ერთ ბიჭს მამასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ყველაფერში ეხმარებოდა, რაც კი აუცილებელი იყო და მე და ჩემ დასაც კარგი ადამიანი გვეგონა. მოგეხსენებათ, მაშინ პატარები ვიყავით, მიამიტები და ვინც კარგად დაგველაპარაკებოდა ან მოგვექცეოდა, ყველა კარგი ადამიანი გვეგონა.

 

ერთ დღესაც რომ მივედით კაფეში, მამა არ დაგვხვდა და ამ ბიჭმა გვითხრა, მალე მოვა და დაელოდეთო, მანამდე კი რამით გავერთოთ, დრო მაქვსო.

 

გვეგონა, რამე თამაშს გულისხმობდა. შევყევით ოთახში, ჯერ მე ამიყვანა ხელში, თან სასქესო ორგანოზე მეხებოდა. ხელზე ვუკბინე და ჩამომსვა, მანამდე დავუყვირე, ხელი გამიშვი და ახლავე ჩამომსვი-მეთქი. მერე ჩემი დაც აიყვანა, მასაც იგივე გაუკეთა და იგივენაირად მოიქცა ჩემი დაც. არც ისე პატარები ვიყავით, რომ ვერ მივმხდარიყავით, რას აკეთებდა.

 

საღამოს კი სოციალურ ქსელში ჩემს დას მიწერა, პატარავ, ხომ გესიამოვნა ჩემი შეხებაო.

 

შეტყობინება მამას ვაჩვენეთ, სიტუაცია ავუხსენით, ღმერთს მადლობა რომ დაგვიჯერა და მეორე დღესვე გააგდო სამსახურიდან.

 

ახლა იმ არაკაცს ორი შვილი ჰყავს. მე 20-ის ვარ, ჩემი და კი – 21-ის და მასაც შვილი ჰყავს უკვე. ძალიან მიჭირს ბიჭთან ურთიერთობის დაწყება, მგონია, რომ ყველას მხოლოდ ერთი რაღაც უტრიალებs თავში, რაც, რა თქმა უნდა, ასე არაა“.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X