15:30 | 2020-05-20 ავტორი: თამთა თორდია

12 წელია აივ-ინფიცირებული ვარ… მეოთხე შვილს ველოდები – ქართველი ქალის აღიარება

12 წელია აივ-ინფიცირებული ვარ… მეოთხე შვილს ველოდები – ქართველი ქალის აღიარება

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. ამ დიაგნოზთან ერთად 12 წელია ვცხოვრობ. მყავს 3 სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები.

 

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, ეს ოცნება რომ ავიხდინე., – 37 წლის თამუნა გახოკიძეზე სოციალურ ქსელში „ქალები საქართველოდან“ წერენ.

 

„2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

 

მანამდე 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი იყო უარყოფითი.

 

დაკავების შემდეგ ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტებზე და ყოველ ჯერზე პასუხი უიარყოფითი მოდიოდა.

 

მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი.

 

ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმანაწლავის ოპერაცია გამიკეთდა და არამიანცის კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს.

 

მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი.

 

ჩემს მიყვანამდე სტომატორლოგს ეჯდა პაციენტი პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა.

 

ალბათ იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე ჩემი დიაგნოზი გავიგე.

 

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

 

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“.

 

„ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ .

 

„ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“.

 

ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ.

 

რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარსდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი.

 

მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მიდოდა დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე.

 

გათენებისაც მეშინოდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის.

 

ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა.

 

მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა.

 

ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

 

გადავწყვიტე ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა.

 

შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, რომ რისკის ქვეშ დამეყენებინა მათი ჯანმრთელობა.

 

ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ.

 

უფრე მეტად ადმინისტრაციისგან იგძნობოდა არაკეთილგანწყობა.

 

ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის.

 

არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო.

 

არადა ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა ჩემი დაინფიცირება მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული.

 

თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

 

21 წლის დამიჭირეს.

 

არ ვიცი რა გითხრათ. ალბათ სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი.

 

მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი.

 

თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები – ეს იმ დაზიანებებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მომადგა.

 

ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

 

განზრახ მკვლელობით გავსამართლდი.

 

მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს.

 

კიდევ წელიწადნახევარი 2009 წლის ე.წ. ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის.

 

ციხეში ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა. ერთადერთი რაც მიჭირდა ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება შვილი მენახა.

 

შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა.

 

თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

 

ჩემი დიაგნოზის შესახებ ოჯახისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა.

 

ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ქონდათ.

 

ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ერთ-ერთ პაემანზე ვთხოვე, სახლში მისვლისას წაეკითხა.

 

საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო ამით რისი თქმა მსურდა. პირვადპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი.

 

გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა.

 

დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა.

 

პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითეოული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ შეეგუენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

 

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით – ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული.

 

ფატქრობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა.

 

მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდა, ვისაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ქონდა, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია.

 

ახლანდელი პროტოკოლით მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა.

 

მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი.

 

მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა.

 

ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა. იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი.

 

ახლა მეოთხეს ველოდები.

 

 

ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაციასთან „ბროწეული“ ერთად აღვნიშნავთ.

 

ბროწეული სიმბოლურად სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები.

 

ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის.

 

ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

 

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ – ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. აივ-ინფიცირებულებს არსებული სტიგმის გამო ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე.

 

ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ.

 

ვირუსზე მკურნალობას კი აფინენასებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრები, რომელიც სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი.

 

ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება.

 

განსაკუთრებით რეგიონებში მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს.

 

ამიტომ აუცილებელია მუნიციპალურ ამბულატორიებს ქონდეთ ტესტირების და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა პოლიკლინაკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას.

 

ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს.

 

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში.

 

ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

 

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

 

ჩემმა ახალმა ოჯახმა იცის ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი.

 

ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა რომ პატარები არიან ჩართულები არიან ჩემი მკურნალობის პროცესში.

 

აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“- ყვება თამუნა გახოკიძე.

 

დაგაინტერესებთ: 

2020-05-13"ინდოეთში ვიყავი სამკურნალოდ" - რა პრობლემები დაძლია ნანუკა ჟორჟოლიანმა
ეს სიკვდილის გზა იყო - რას ყვება ემიგრაციაში მყოფი ქართველი რეჟისორი
2020-05-16ეს სიკვდილის გზა იყო - რას ყვება ემიგრაციაში მყოფი ქართველი რეჟისორი

 

ბოლო მონაცემებით, წელს საქართველოში შიდსით დაავადებული 55 ადამიანი გარდაიცვალა

 

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

 

ავტორი: თამთა თორდია

X