
მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 55 წლის ქალია.
როგორც „პრაიმტაიმს“ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა, ტატა შენგელიამ განუცხადა, კლინიკას 4 და 5 აპრილს ექვსმა პაციენტმა, საეჭვო სიმპტომებით მიაკითხა.
„მათ შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. ერთ-ერთს 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა . ინფიცირებული უკვე თბილისშია გადაყვანილი,“ – განაცხადა ტატა შენგელიამ.
- საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















