
15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„დღეს, ღამის 12 საათზე კომენდანტის საათი სრულდება, თუმცა მნიშვნელოვანია მედიკოსების რეკომენდაციები მკაცრად იქნეს დაცული.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც ხვალიდან კანონად იქცევა, შეეხება მიმოსვლის უფლებას, შესაძლოა შეეხოს საკუთრების უფლებასაც.
უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მაგალითად: საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში განვათავსოთ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს.
ასევე, 15 ივლისამდე ისეთი სოციალური თავშეყრის აკრძალვა იმოქმედებს, როგორიცაა ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები.
მნიშვნელოვანია კლინიკების მობილიზება, თუ ეს დაავადება გავრცელდება, რათა დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა.“ – ამბობს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც 15 ივლისამდე იმოქმედებს.
























