
15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი მოზარდი დააკავა, ერთს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინეს.
არასრულწლოვანი სანზონაში ცივი იარაღით სასიკვდილოდ ოთხ დეკემბერს დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება. „პრაიმტაიმს“ მოკლული დავით კრავეიშვილის ახლობლები პირად საუბარში უყვებიან, რომ დანაშაულს წინ უძღოდა კონფლიქტი ნახალოვკაში, სადაც დავით კრავეიშვილი მის მეგობარს შემთხვევით გაყვა.
„მისი მეგობარს მოსწონდა გოგო და ამ გოგოს გამო ნახალოვკელებთან მოუხდა კონფლიქტი. წინა დღეს ნახალოვკაში ყოფილა ეს კონფლიქტი. დათო შემთხვევით იმყოფებოდა იქ, ის კონფლიქტში არც ჩარეულა, მეგობარს გაყვა. მეორე დღეს უკვე იმათმა მოაკითხეს, 10-ზე მეტნი იყვნენო, როგორც გავიგეთ“, – გვიყვება გარდაცვლილი არასრულწლოვნის ერთ-ერთი ახლობელი.
ამ დროისთვის საქმეზე მხოლოდ ორი პირია დაკავებული – ერთი მკვლელობისთვის, ერთი კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. მოხდება თუ არა კონფლიქტში მონაწილე სხვა პირების დაკავებაც, ეს სავარაუდოდ, გამოძიების მსვლელობისას გაირკვევა. საგამოძიებო ორგანო ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.























