12:10 | 2021-06-16 ავტორი: Prime Time

15 წლისა წავიდა მონასტერში… წყალსაც არ სვამს და საჭმელსაც არ ჭამს, ზის და თითოეული ბავშვის გამოცდას იბარებს – თეა დარჩია დედა სიდონიაზე

15 წლისა წავიდა მონასტერში…  წყალსაც არ სვამს და საჭმელსაც არ ჭამს, ზის და თითოეული ბავშვის გამოცდას იბარებს – თეა დარჩია დედა სიდონიაზე

ნინოწმინდისა და ბათუმის ბავშვთა სახლების ირგვლივ არსებულ სკანდალს მოცეკვავე თეა დარჩია ეხმაურება.

 

მისი თქმით, 13 წელია ფერიის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელებს ცეკვას ასწავლის და საკუთარი თვალით აქვს ნანახი იქ არსებული ვითარება.

 

მან ასევე მეუფე დიმიტრიზე, იღუმენია სიდონიაზე და ბენეფიციარების მიმართ მათ ღვაწლზე ისაუბრა.

 

„ზოგი გაჩნდა სხვადასხვა დეფექტებით და იღუმენია სიდონია დარჩიამ და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა უზარმაზარი თანხა დახარჯეს, ვალები აიღეს ბანკიდან, რომ ამ ბავშვისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ და ფეხი, რომელიც მობრუნებული ჰქონდა პირიქით შემოუბრუნეს და დღეს ეს გოგო ჩემთან ერთად ცეკვავს. შეგიძლიათ კადრებიც ნახოთ.

 

ეს არ არის მხოლოდ თავშესაფარი, სახლია, სკოლაა, განათლებაა, ნეტა ჩემს შვილებს ჰყავდეს ისეთი პედაგოგები… რატომ არ ჩამოვიდა დედა სიდონია და რატომ არ დაელაპარაკა ჟურნალისტებსო ეს კითხვაც გაისმა. დედა სიდონია, როცა სკოლაში გამოცდებია, დილიდან დაღამებამდე წყალსაც არ სვამს და საჭმელსაც არ ჭამს. ზის და თითოეული ბავშვის გამოცდას იბარებს. ცეცხლი რომ ეკიდებოდეს და რომ ვურეკავდე არ იღებს, რადგან ბავშვთან ზის გამოცდაზე. ასეთი ადამიანია. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ის დარჩიაა და მეც დარჩია ვარ. 15 წლის მე სუხიშვილებში წავედი და დედაო მონასტერში წავიდა 15 წლიდან და ამ ასაკიდან ეს ადამიანი დღე და ღამე 24-საათიან რეჟიმში ემსახურება ამ ბავშვებს.”, – ამბობს თეა დარჩია.

 

შეგახსენებთ, რომ ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილმა აღსაზრდელმა „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ პანსიონში აღსაზრდელები სასტიკად სცემდნენ.

 

“დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

 

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს სარალიძე.

 

ასევე ნახეთ: 300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! – მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს

ავტორი: Prime Time

X