
ზუსტად 100 წლის წინ, 16 თებერვალს რუსეთი მორიგი ოკუპაციის მზადებას ასრულებდა და თბილისის ასაღებად სამი პრონტიდან უტევდა… მაშინ, ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოახერხა, მაშინ სისხლიც დაიღვარა და ხანგრძლივი ოკუპაციაც შედგა…
სწორედ ერთი საუკუნის წინ, როცა საქართველოს საზღვრებს რუსეთის 11-ე არმია მოადგა, ძირითადი დივიზიები აღსატაფაში განათავსა, თბილისზე უმოკლესი გზა იქიდან იყო. მეორე “ფრონტი” სომხეთის მხრიდან იყო გახსნილი, რუსი ჯარისკაცები ლორეს რაიონს იქიდან უტევდნენ, ხოლო მესამე ნაწილი განჯიდან შემოდიოდა… 17 თებერვალს ოკუპანტები თბილისს მოადგნენ…
სწორედ მაშინ საქართველოს ისტორიაში კიდევ არაერთი გმირი იშვა, იუნკერები… მარო მაყაშვილი… ისინი ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ, მართალია “შულავერის კომიტეტთან” დაახლოებულ პირებს დროებითი “სიკეთეები” ჰქონდათ, მაგრამ ისინი ისტორიამაც კი ვერ შთანთქა – ანტიგმირებად შემოგვინახა…
როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოს სამხედრო ინტერვენციისთვის და ვინ იყვნენ ის პირველი “პიონერები”, ვინც საკუთარ სამშობლოში ოკუპაციის მიზნით შემოჭრილ რუსულ არმიას წინ მოუძღვოდა?!
ამ კითხვებს არაერთი ისტორიული ჩანაწერი პასუხობს. თუმცა ამჯერად, “პრაიმტაიმი” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ მასალას გთავაზობთ:
“1921 წლის 26 იანვარს, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, ფაქტობრივად, სამხედრო ინტერვენციის გზით საქართველოს გასაბჭოება გადაწყდა. მოგვიანებით, მხედველობაში სტალინის მიერ ადრე წამოყენებული წინადადება მიიღეს – საქართველოს რომელიმე რაიონში შეიარაღებული აჯანყების მომზადების შესახებ.

რევოლუპ(ბ) კავკასიის ბიურომ წინასწარ შეარჩია აჯანყების ადგილი – ლორეს რაიონი, სადაც უნდა მომხდარიყო ადგილობრივი სომხურ-რუსული სოფლების მოსახლეობის გამოსვლა. 1920 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში “მეამბოხეთა შტაბი” შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად ს. ორჯონიკიძის მითითებით, ი. ლაზიანი დაინიშნა.
საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია 11-12 თებერვლის ღამეს თავს ქართული არმიის ნაწილებს დაესხა, ხოლო წითელი არმიის ძირითადი ძალები 16 თებერვალს საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოიჭრა.
სწორედ ამ დროს, 1921 წლის 16 თებერვალს, კავკასიური ბიუროს მითითებით, საქართველოში სოფ. შულავერში ე. წ. საქართველოს რევოლუციური კომიტეტი შექმნა, რომელსაც თითქოს უნდა ეხელმძღვანელა მშრომელთა აჯანყებისათვის. გარდა ამისა, რევოლუციურმა კომიტეტმა 16 თებერვალს საბჭოთა მთავრობას თხოვნა გაუგზავნა, დახმარება აღმოეჩინა საქართველოს თითქოს აჯანყებული მშრომელებისათვის.
საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (საქართველოს რევკომი) – საბჭოთა ხელისუფლების საგანგებო ორგანო, რომელიც შეიქმნა საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობით. გამოცხადდა წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ შულავერში, რის გამოც არაოფიციალურად „შულავერის მთავრობასაც“ უწოდებდნენ.

საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რევკომი ასრულებდა ხელისუფლების საგანგებო ორგანოს როლს, რომელსაც ოფიციოზი განმარტავდა, როგორც „პროლეტარიატის დიქტატურის გარდამავალი ხასიათის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ფორმის ფუნქციას“.
მისი მოვალეობა იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა, საბჭოების არჩევნებამდე „რევოლუციური წესრიგის“ უზრუნველყოფა და „პირველი რევოლუციური გარდაქმნების“ განხორციელება.
სინამდვილეში ეს აქტი ცუდად შენიღბული ფარსი იყო, რადგან ამ დროს უკვე 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის და საბჭოთა არმია უკვე შემოჭრილი იყო სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. კრემლს თავი აჯანყების ინსცენირების სრულყოფილად შენიღბვისთვის არ შეუწუხებია.

თვით რევოლუციური კომიტეტის ვითომდა ხელმძღვანელი ფილიპე მახარაძე „შულავერის კომიტეტის“ შექმნის დროს, მოსკოვში იმყოფებოდა, ხოლო მეორე ყველაზე თვალსაჩინო ბოლშევიკი ბუდუ მდივანი – ოსმალეთში, როგორც ამ ქვეყანაში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი.
ფაქტობრივად, რევკომი კოსმეტიკური სტრუქტურა იყო, რომელიც ფორმალურად არარსებულ საქართველოს აჯანყებულ მშრომელთა სახელით გამოდიოდა.
მიუხედავად ამისა, რევკომმა წარმატებით შეასრულა მეხუთე კოლონის ხელმძღვანელის ფუნქცია – უცხო სახელმწიფოს დამპყრობელ არმიას შემოუძღვა საკუთარ სუვერენულ სახელმწიფოში, საოკუპაციო არმიის ხელით დაამხო ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება და მასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობაც. საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი და ადეკვატური შეფასება მისცა „შულავერის კომიტეტის“ მოქმედებას.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა გაიმართა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით, რევკომის წევრები:

“ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიაკ ნაზარეტიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი და ბესო კვირკველია აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად, ჩამოერთვათ მათ მთელი ქონება და გამოცხადდნენ საქართველოს კანონთა მფლობელობის გარეშე“.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ რევკომი ფორმალურად ქვეყანაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების როლს ასრულებდა, რეალურად კი კავკასიის ბიუროს მითითებებს ემორჩილებოდა, რომელიც, თავის მხრივ, მოსკოვის ნების აღმსრულებელი იყო.
1922 წლის თებერვალში რევკომმა თავისი ერთწლიანი მარიონეტული ფუნქციონირება დაასრულა და ასევე ფორმალურად, ხელისუფლება ახალარჩეულ საბჭოებს გადასცა…
ქართველი ბოლშევიკ-კომუნისტების ნაწილს იქნებ მართლაც სჯეროდა, რომ გასაბჭოებული საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი აღიარებდა, რომ საქართველოში საბჭოთა რუსეთის ინტერვენცია და ოკუპაცია განხორციელდა.
1921 წლის 6 დეკემბერს ფ. მახარაძე რკპ(ბ) ცკ-დმი დაწერილ მოხსენებით ბარათში წერდა, რომ 1921 წლის დასაწყისში საქართველოში არავინ აჯანყებულა და კომუნისტური ორგანიზაციებიდან არავის უფიქრია არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლაზე, ხოლო „საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარებს შემოსვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო“.
თავდაპირველად და არაოფიციალურად, იმავეს აღიარებდნენ სხვა კომუნისტი ლიდერები (სტალინი, ტროცკი, ორჯონიკიძე…).” – აღნიშნულია ნაშრომში.






















