15:10 | 2020-12-15 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„2 ტყუპი ჰყავდა და ოთხივე ბიჭი დაეღუპა“ – როგორ ხვდებიან მოხუცები თავშესაფარში

„2 ტყუპი ჰყავდა და ოთხივე ბიჭი დაეღუპა“ – როგორ ხვდებიან მოხუცები თავშესაფარში

თბილისის ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, მზეო ჯაჯანიძე მისი მფარველობის ქვეშ მყოფ მოხუცებზე დიდი სიყვარულით გვიყვება.

 

ის ადრე სხვადასხვა მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდა, შემდეგ კი თავად გაუჩნდა იდეა, ასეთივე თბილი სახლი მოეწყო.

 

– იქ ვიყავი ჩვეულებრივი მომსახურე პერსონალი, სამედიცინო განათლება მაქვს და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, როგორც რიგით პაციენტებთან, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი და არც მოხუცებისთვის იყო საკმარისი. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა მოხუცთა თავშესაფარი, სადაც უზომო სითბოს გავცემდი. ჩემს მეუღლეს გავუმხილე იდეა, მხარში ამომიდგა და უკვე 8 წელია, ამ საქმეს ვადგავართ. ეს ყველაზე დიდი მადლია, მოხუცებს რომ სითბოს გაუნაწილებ.

 

ვერ წარმოიდგენთ, როგორ სჭირდებათ მათ ეს სითბო და როგორ უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

 

ასე თუ ისე, რაღაც პერიოდში ისინი მარტონი რჩებიან, თუნდაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ. ახალგაზრდებს თავისი საქმე აქვთ, სხვა ინტერესები და აქ კი ყველანი ერთმანეთს უგებენ.

 

განსაკუთრებულად თანავუგრძნობ შვილმკვდარ დედებს, რომლებიც ჩემს მოხუცებულთა სახლში მრავლად არიან.

 

ერთი ქალბატონი გვყავს, 2 ტყუპი ჰყავდა და ოთხივე ბიჭი დაეღუპა. ახალი გახსნილი ვიყავით, როცა მათთან მივედი. ბოლო შვილი ჰყავდა ცოცხალი, რომელიც ავარიაში მოხვედრილიყო და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ეს ქალი, თვითონ ინვალიდი, უვლიდა ლოგინს მიჯაჭვულ შვილს. საცოდაობა იყო მათი ყურება. შემდეგ ვაჟი გარდაიცვალა, ქალბატონი კი ჩვენთან მოვიდა.

 

ასევე, ერთი მეგრელი ქალბატონი გვყავს, ძალიან გასაიდუმლოებულად მოიყვანეს, ისე, რომ მათი ნათესავებიდან არავის გაეგო, – ცოტა ხნით მოგიყვანთო. ამ ქალბატონს შვილი ჰყავს დაღუპული – სათევზაოდ წასული, შინ მკვდარი მოასვენეს. იმის მერე 40 წელია გასული და თევზს დღემდე პირს არ აკარებს. ის კი არა, გაზაფხულობით ყველა მოხუცს ომეგას პრეპარატებს ვაძლევ ხოლმე და რომ გაიგო, თევზის საფუძველზე იყო დამზადებული, იმასაც კი არ სვამს. ერთ დღეს მისი შვილიშვილი ავარიაში მოჰყვა და შეატყობინეს, რომ ძალიან მძიმედ იყო. გადარჩა, მაგრამ თვეების განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული. საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ბებიას მოაკითხა თავშესაფარში. ბებია ცეკვით შეხვდა და იმის მერე ძაძებიც გაიხადა. – მე დავამძიმე ჩემი ოჯახის აურა და ამის მერე ასე არ მოვიქცევიო.

 

ერთადერთი მოხუცი მყავს, რომელსაც საერთოდ არავინ ჰყავს. ისიც კლინიკაში მიტოვებული ვნახე და წამოვიყვანე.

 

ერთ-ერთ კლინიკაში მივიყვანე ჩემი მოხუცი და იმის მიუხედავად, რომ მძიმე პაციენტი იყო, მითხრეს, არ დავიტოვებთ, მხოლოდ ამბულატორიულად დავეხმარებით და უკან წაიყვანეთო. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, ადრე რომ მოგვიგდე ერთი მოხუცი და აღარ წაიყვანე, ახლაც ისე გინდაო? აღმოჩნდა, რომ რომელიღაც თავშესაფარს დაუტოვებია და აღარ წაუყვანია. როგორც გავიგე, ეს მოხუცი თავშესაფარში იხდიდა თავის პენსიას და სახელმწიფო თანადაფინანსებაც ჰქონდა. თანადაფინანსება მოუხსნია სახელმწიფოს, მოხუცი იყო მძიმე, პენსია არ ჰყოფნიდა თავშესაფრის ხარჯებს და მიატოვეს და აღარ წაიყვანეს. ბევრი პრობლემის გადაჭრის მერე წამოვიყვანე ჩემთან. თავიდან მსაყვედურობდა, შენ დამინგრიე ცხოვრებაო, მაგრამ რომ გამოვაჯანმრთელე, მერე ნანობდა, ამას რატომ გეუბნებოდიო.

 

მოხუცებს სულ იმას ვეუბნები – მე თქვენი შვილი ვარ და შვილად მიმიღეთ-მეთქი.

 

პანდემიამდე ბევრი მოხუცი როგორც საბავშვო ბაღში, ისე დადიოდა ჩვენთან. ოჯახის წევრებს დილით მოჰყავდათ, საღამოს მიჰყავდათ და ახლა უკვე საშიშია, მათთვისაც და აქ მყოფებისთვისაც და უკვე ყველა აქ დატოვეს. ამის გამო ახლა 30 მოხუცია თავმოყრილი. ჩვეულებრივი რეჟიმის დროს გაცილებით ნაკლები არიან ხოლმე.

 

მამაკაცი გვყავს ერთი, 80-ს გადაცილებულია. დედის გადიდებული სურათი აქვს საერთო ოთახის შესასვლელთან, თაროზე დადებული და სულ მას ელაპარაკება. ამ ბოლო დროს ჭიქაც დაუდგა, სადაც ხან ლიმონათს უსხამს, ხან წვენს, ხანაც წყალს და დაჭრილ პურსაც ულაგებს. მერე ეჩხუბება, საჭმელს რატომ არ ჭამო? იძულებული ვართ, ის რომ ოთახიდან გავა, პური მოვიპაროთ ხოლმე, რომ იფიქროს, დედამისმა შეჭამა. მშვიდადაა ამის შემდეგ, ისე კიდევ, ნერვიულობს.

 

გვყავს რამდენიმე მოხუცი, რომელსაც სკლეროზი აქვს, გადაახვევენ ლოგინს, გადაკრავენ, ამოიჩრიან იღლიაში და იპარებიან. რომ ჰკითხო, სად მიდიხარო, გეტყვის, რომ აქვე, ახლოს მიდის. ამის გამო ჭიშკარი მუდამ დაკეტილი გვაქვს.

 

პატარა ბავშვებივით არიან და ვერაფერს დაუშლი. ხშირად მატერიალურ ზარალსაც კი გვაყენებენ, მაგრამ რამე რომ დავუშალოთ, მერე სწყინთ, იბუტებიან, ზოგი აგრესიულიც ხდება. ამას წინათ,. დარეცხილ-დაუთოებული თეთრეული დაიკარგა კარადიდან. ბევრი ვეძებეთ და ვერ მივაგენით. რამდენიმე დღის შემდეგ მომვლელმა ნახა ორი მოხუცის უჯრებში ჩალაგებულ-ჩაწყობილი. ყვავილიანი ზეწრები იყო და ცხვირსახოცებად დაუჭრიათ, დაუკეცავთ კოხტად და უჯრებში ჩაულაგებიათ. რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ მათ არ აუღიათ და ეს ცხვირსახოცები შინიდან მოიტანეს.

 

ხომ ვერ გაუბრაზდები? ყოფილა შემთხვევა, საწოლის გადასაფარებლიდან ყვავილები გამოჭრეს და კედელზე გააკრეს. აი, რა უნდა ქნა? ერთმანეთს კარგად ეგუებიან, იშვიათად ჩხუბობენ, ყოველ საღამოს იმპროვიზებული კონცერტი აქვთ ხოლმე და მღერიან, ცეკვავენ.

 

ყოფილა შემთხვევა, ოჯახს მოუნდომებია მოხუცის საახალწლოდ შინ წაყვანა, მაგრამ ამათ უარი უთქვამთ და არ გაჰყოლიან.

 

მთელი ჩემი ოჯახია ჩაბმული მათთან, ჩემი შვილები ისე ეფერებიან, როგორც საკუთარ ბებიას. ახლობლები მოსაკითხავად რომ გვირეკავენ, მოხუცებსაც ოჯახის წევრებივით კითხულობენ.

 

ბედნიერი ვარ, რომ ესენი მყვანან. ძალიან თბილები და საუკეთესოები.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X