
ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის სავაჭრო ცენტრ „გვირაბის“ მოვაჭრეები ობიექტის გახსნას ითხოვენ.
მათი თქმით, ქალაქსა და ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნა და „გვირაბმაც“ უნდა განაახლოს მუშაობა.
„გუგუნებს სავაჭრო მოლები, ცენტრი და ბაზრობები და ჩვენ რა დავაშავეთ? ხალხი 20 მარტის შემდეგ ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილები.
ობიექტის უფროსი კონრეტულ თარიღს ვერ გვეუბნება როდის გააღებს ამ რკინის კარებს. დეზინფექცია რომ უნდა ჩაატაროს ახლა გაიგო? რატომ ვერ მოაწესრიგა აქამდე?“, – აცხადებენ მოვაჭრეები.
სავაჭრო ობიექტი „გვირაბის“ დირექტორი ბორის ბრეგაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ მოვაჭრეებს არ აქვთ გადახდილი ის გადასახადი, რომელიც ხელშეკრულებით არის დადგენილი.
„თვეში თითოეული იხდიდა 300 ლარს, პანდემიის გამო მესამედ ვთხოვ და კიდევ არ აქვთ გადახდილი.
გუშინ მხოლოდ 10-მა ადამიანმა ჩარიცხა თანხა. ყველამ თუ ვერ გადაიხადა მე საიდან უნდა მოვიტანო ეს თანხები ან როგორ ჩავატარო დეზინფექცია ობიექტში, რომელსაც 350 ლარი უნდა? გადაიხადონ და გავაღებ, სხვანაირად არ გამოვა არაფერი”, – ამბობს ბორის ბრეგაძე.























