13:59 | 2021-01-21 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ჟურნალისტები, რომლებიც 2008 წლის ომში „გამარჯობის“ გამო ჩაცხრილეს

ჟურნალისტები, რომლებიც 2008 წლის ომში „გამარჯობის“ გამო ჩაცხრილეს

სტრასბურგის სასამრთლოს ისტორიული ვერდიქტი ცნობილია. საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

 

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთი, ახალი ფურცელი უნდა დაწეროს დეოკუპაციის ბრძოლის ხაზზე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

„პრაიმტაიმი“ ათასჯერ წაკითხულს და გაგონილს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გავიხსენებთ ჟურნალისტებს, რომლებიც აგვისტოს ომში მოკლეს. ჩვენმა კოლეგებმა საკუთარი სახელები სამუდამოდ ჩაწერეს საქართველოს ისტორიაში.

 

აგვისტოს ომში ფიზიკური დაიზიანებები 11 ჟურნალისტმა მიიღო და სამი დაიღუპა. ერთი მათგანი ჰოლანდიელი ოპერატორი, სტანს ტორიმანსი 12 აგვისტოს ერთ-ერთი აფეთქებისას დაიღუპა, ორი კი ქართველი – გიგა ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი. საშა 27, გიგა კი 30 წლის იყო.

 

გიგა ადრე „კომსომოლსკაია პრავდას“ თბილისის გამოცემის რედაქტორი იყო, 2003 წლიდან კი „კავკაზსკი აქცენტთან“ თანამშრომლობდა.

 

2008 წელს „ალანიას“ რედაქტორი გახლდათ. ომის დაწყებისთანავე ფოტორეპორტიორ საშა კლიმჩუკთან ერთად ცხელ წერტილში გაემგზავრა. მანქანაში ოთხნი იყვნენ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაცხრილვა ბიჭების მისალმებას მოჰყვა – ისინი შეიარაღებულებს ქართულად მიესალმნენ.

 

მათი მიზანი მხოლოდ ერთი იყო: მისულიყვნენ იქმადე, სადაც ეტყოდნენ – იქეთ ომია, წასვლა აღარ შეიძლება, გაბრუნდით! – ამის გადაღება უნდოდათ და დაფიქსირება. სანამ რამეს ეტყოდნენ, პირდაპირ ესროლეს. ამბავს კი მანქანაში მსხდომი გადარჩენილები ჰყვებიან.

 

დაღუპულებს საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტები დარაჯობდნენ მორგში, რომ ისინი ოსურ მხარეს საერთო სასაფლაოზე არ დაემარხა.

 

ალექსანდრე კლიმჩუკი „კომსომოლსკაია პრავდას”, „იტარ-ტასის“, „საქართველოს თვალისა“ და EurasiaNet.org -ის ფოტოჟურნალისტი იყო. თანამშრომლობდა სხვადასხვა მედია საშუალებასთან და ახალი ამბების სააგენტოებთან. მუშაობდა გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდთან და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრთან.

 

2006 წელს იგი გახდა ფოტოსააგენტო Caucasus Press Images -ის თანადამფუძნებელი.

 

ალექსანდრე კლიმჩუკმა სამგზის მოიპოვა „იტარ ტასის” მიერ დაწესებული ჯილდო წლის საუკეთესო ფოტოგრაფიისთვის, ხოლო 2007 წელს გაიმარჯვა რუსულ ფოტოკონკურსში სახელწოდებით – „ადამიანები ახალ ამბებში”.

 

საშა კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაძე ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X