
საქართველოს პროკურატურა „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება სიუჟეტს, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებზეა საუბარი.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტში 21 ადგილას გამოყენებულია სხვა ადამიანის ხმა, სულ 170 ადგილას კი არის მონტაჟი.
მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.
ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.
ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.
მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.
ასევე ნახეთ:























