
„ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. პარლამენტის თანამდებობები სრულად ვერ დაკომპლექტდება და ბევრ გადაწყვეტილებას პარლამენტი ვერ მიიღებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს.
ოთხმოცდაათი წევრით წარმოდგენილი პარლამენტი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც 100 ან 113 ხმა სჭირდება.
ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნულ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს.
„პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით (100 ხმა) იღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ.
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) იღებს კონსტიტუციურ კანონს ერთი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში.
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით (90 ხმა) ირჩევს სახალხო დამცველს, ამტკიცებს საკონსტიტუციო შეთანხმებას, ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უნდობლობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.
პარლამენტი სრული შემადგენლობის ორი მესამედით(100 ხმა) ახორციელებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეოთხედით (113 ხმა) ახორციელებს იმ ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.






















