
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ
კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.”
გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი — 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან… ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია.“
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის მინი სერიალთან დაკავშირებით კომენტარი „პრაიმტაიმთან“ ჯერ კიდევ სერიალის პრემიერის დროს გააკეთა.
– ქალბატონო ნონა, თუ ნახეთ სერიალი?
– არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, არ ვიცი რამ გადარია ყველა.
– რა რეაქცია გქონდათ როცა გაიგეთ, რომ წარმატებულ სერიალში თქვენზე საუბრობდნენ?
– მე გამიკვირდა. ძირითადად რაც გავიგე ინფორმაცია არასწორადაა მიწოდებული.
– როგორ გამორჩათ ეს ნაწილი არ ვიცი, ყველამ იცის ამის შესახებ. მე, როგორც კი 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მიმიწვიეს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე სადაც კაცები თამაშობდნენ და მარტო მე ვიყავი ქალი.
– აპირებთ, რომ სერიალს უყუროთ?
– არ ვიცი, ამ ერთი ეპიზოდის გამო მთლიანი სერიალის ყურებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამან დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორ მოხდება არ ვიცი.
ასევე დაგაინტერესებთ:























