23:02 | 2021-04-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

5 წლის ბიჭი ბაბუას ენგურში გადაუვარდა, ისიც მდინარის მორევმა ჩაითრია – ენგურს შეწირული ადამიანები და პანაშვიდები გამოღმა ნაპირზე

5 წლის ბიჭი ბაბუას ენგურში გადაუვარდა, ისიც მდინარის მორევმა ჩაითრია – ენგურს შეწირული ადამიანები და პანაშვიდები გამოღმა ნაპირზე

დღეს, საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყანა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ტრაგიკულად გარდაცვლილ ქართველებს გლოვობს. მდინარე ენგურმა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები ქართველები შთანთქა. ხარება იყო, ოჯახიც ახალშეძენილი შვილიშვილით ხარობდა, სწორედ მისთვის ბებია-ბაბუას საჩუქრები უნდა ეყიდათ…

 

ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოსულ ქართველებს უკან რუსი სამხედროები მოსდევდნენ, წინ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეღობებოდათ… მდინარეს მიენდნენ, თუმცა ენგურმაც ისევე “უღალატა”, როგორც თითოეულს მავთულხლართები და ოკუპაციური რეჟიმი ღალატობს… არ დაინდო, არ აპატია, არ დამშვიდდა და წყლის მძიმე ზვირთებმა ოთხი ქართველი მალევე ჩაითრია. ახლა, პატარა ილიას მშობლების სახსოვრად მხოლოდ ფოტო კადრები, გონებაში შემონახული ცოცხალი მოგონებები, მდინარის შიში და ენგურის ზიზღი დარჩა…

 

სამწუხაროდ, ეს დიდი ტრაგედია არც პირველია და ალბათ, არც – უკანასკნელი… მდინარე ენგურს შეწირულების უახლეს ისტორიას თუ გავიხსენებთ, კიდევ არაერთი მსხვერპლი მოგვაგონდება. ამ უმძიმესი ისტორიების გმირების მკვლელი უფრო სწორად – დამხრჩობი ენგურია

 

ენგურის ტრაგედია – მდინარეს შეწირული ოჯახი 

 

 

“7 წლის ილია გვალია, რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჯონი გვალიას და მაყვალა გამისონიას უმცროსი შვილია. ეს ის ბიჭია, დედიკოსგან კამფეტებს რომ ელოდა, კიდევ ალბათ, პატარა-პატარა ნობათს, მაგრამ მისი ოცნება “ენგურმა” წაიღო, საყვარელ დედ-მამასთან ერთად! ეს ბიჭი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა, მშობლების სურათთან დარჩენილი, დაობლებული ბიჭის ფოტოა! თან, დღეს 9 აპრილია, ეროვნულ გმირებს 32-ედ გლოვობს საქართველო და ვინ მოთვლის, რამდენი 32 სიცოცხლე წაიღო “ენგურმა” აფხაზეთის დაცემიდან დღემდე…

 

 

ხალხი თავის წილ ომს იგებს დამარცხებულ ომშიც, ჩვენი დროის ორმა სასტიკმა ომმა გვაჩვენა გმირობის არნახული მაგალითები, მაგრამ მთავრობა ამ ომებიდან, სამწუხაროდ, დამარცხებული გამოვიდა! ვერც ვერაფერი ისწავლა! ასევე დამარცხდა ის ორიოდე დღის წინ, როცა ადიდებულმა “ენგურმა” საკუთარი შვილები წაართვა! ვერც ახლა აკეთებს რამეს, როცა არ შეუძლია პასუხი გასცეს პატარა ბიჭს, რომელიც დედ-მამის ფოტოებს მისჩერებია და ბავშვობა დაუკარგავს…

 

ჰო, წარჩედან გამოგზავნილ ამ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭის სევდიან მზერაში მისი დაკარგული ბავშვობაა… ბავშვობა, რომელიც გაქრა და დაუნდობლად გაიტაცა “ენგურის” მორევმა… ხოლო ბიჭი ერთ დღეში კაცად აქცია! დიახ, ჩვენ გვტკივა დევნილი ბიჭის დაკარგული ბავშვობა იმ ტრაგედიასთან ერთად, რომელიც მას და ჩემს ქვეყანას, აფხაზეთს დაატყდა თავს ზუსტად ხარების დღეს…

 

კიდევ უფრო ადრე 5 წლის ბიჭი გადაუვარდა ენგურზე ურმით მიმავალ ბაბუას და ისიც, ოტობაიელი პატარა ბიჭი, მდინარის მორევმა ჩაითრია.” – წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია.

 

მამის წლისთავიდან წამოსული კაცის მძიმე ისტორია

 

ენგურმა საქართველოს კიდევ ერთი შვილი წაართვა. 2020 წლის ზაფხულში, 22 აგვისტოს, ზუგდიდისკენ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. მართალია, ის მდინარეს გაუმკლავდა, მაგრამ ენგურმა თავისი კვალი მაინც დაამჩნია – რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად მამაკაცს მდინარე ენგურის გადმოცურვა მოუწია.დინებასთან ბრძოლის შედეგად, მას გულმა უმტყუნა, დაიღალა და გულის ფეთქვაც მდინარიდან გამოსვლისთანავე შეწყდა… ის ოკუპირებული ოტობაიას მკვიდრი იყო.

 

დევნილობის გამო ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. მშობლიურ სოფელში მამის წლისთავთან დაკავშირებით მეუღლესთან ერთად ივლისში ჩავიდა. დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო უკან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლა შემოვლითი გზით, მდინარის გადაცურვით მოუხდათ და სწორედ საოკუპაციო ხაზთან აღესრულა, მაშინ მათ გამოღმა ნაპირზე შვილი ელოდათ…

 

 

ენგურის კიდევ ერთი მსხვერპლი

 

კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ენგურის მძლავრმა დინებამ იმსხვერპლა 70 წლის მამაკაცი იყო. მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 2020 წლის 25 აგვისტო… თუმცა, არავინ იცის, ზუსტად როდის დაიღუპა მამაკაცი, რომელსაც სამშობლოში მეზობელმა მავთულხლართი გაუბა, “მცველად” რუსულ ჩექმებიანი სამხედროები დაუყენა და მდინარეზე გადებულ სამშვიდობო ხიდზე ე.წ. ბლოკ-პოსტი აღუმართა.

 

ამ უმძიმესი ფაქტორების გამო მოხუცმა კაცმა სამშობლოს ერთი ნაწილიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან მეორე ნაწილში გადმოსვლას თავი აარიდა და წყლის სტიქიას მიენდო… არც ენგურმა დაინდო ოკუპანტთა ტყვე, სწორედ 25 აგვისტოს ისევ ენგურმა გამორიყა ცხედარი, ისევ თავად გამორიყა და კიდევ ერთი მსხვერპლით უცხო ქვეყნის შემოჭრის სიმძიმეზე დაგვაფიქრა…

 

ის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი იყო. ისიც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა.

 

ამ ტრაგიკულ ისტორიებს გმირები ჰყავთ. გმირები, რომლებიც დამარცხებულ ომში მაინც იბრძოდნენ. თუმცა, ამავე ტრაგედიებს სამწუხარო განშტოებებიც აქვთ – სამშობლოს ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში მიმოსვლას მდინარის ტალღებთან შებრძოლება რომ უწევთ, ეს ტრაგედიის ერთი მხარეა, ხოლო მეორე – გაღმა ნაპირზე, ახლობელ ადამიანთან უკანასკნელი გამოთხოვების უუფლებობაა.

 

ამიტომ, ისევ მდინარე ენგურზე, ოტობაია-ორსანტიას დამაკავშირებელ მონაკვეთზე გამოღმიდან გაღმა, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ დაღუპულს ახლობლები გლოვობენ. იქვე, ენგურზე ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად ქელეხის სუფრასაც შლიან და სახელდახელოდ, ღია ცის ქვეშ, ხიდზე გამართულ პანაშვიდს და აღაპ-ქელეხის რიტუალს ზუგდიდის მხარეს დარჩენილი ქართველები აღასრულებენ. ორ სამგლოვიარო პროცესიას ისევ და ისევ უცხო ქვეყნიდან ჩამოყვანილი ე.წ. მესაზღვრეები ყოფენ, ქართულ მიწაზე რუსი სამხედროების ჩექმა ის წყალგამყოფია, რომელიც მთლიან საქართველოს გაღმა და გამოღმა ნაპირებად ჰყოფს…

 

ქელეხი ხიდზე 

 

მდინარე ენგურზე, ოკუპირებული ოტაობაია-ორსანტიის დამაკავშირებელე მონაკვეთზე, 2019 წლის 20 თებერვალსა და იმავე წლის 9 აპრილს, მიცვალებულები ნათესავებმა ისე დაიტირეს, რომ მდინარის გაღმა ნაპირზე მათთვის პატივის მისაგებად ვერ გადავიდნენ. მიზეზი, რა თქმა უნდა, ოკუპაცია და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იყო. მაშინაც და დღესაც, ჭირისუფლებს არც შესაბამისი საბუთები გააჩნდათ,რომ ე.წ. საზღვარზე გადასულიყვნენ…

 

 

ორი წლის წინ, ოტო­ბა­ია-ორ­სან­ტი­ას ხიდ­თან სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ა შეიკრიბა, 50-მდე ადა­მი­ა­ნმა ენგურს აქეთ თავი მოიყარა, რათა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ახლობელი დაეტირებინათ. მაშინ, ხი­დის ორი­ვე მხა­რეს, ოტობაია-ორსანტიის საზღვართან, გალ­ის რაიონის მეორე ოტობაიას მკვიდრ 53 წლის გოჩა ტუ­ფუ­რი­ას გლო­ვობ­დნენ.

 

 

 

 

ნა­თე­სა­ვებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა, ვინც ოკუპირებულ აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, სამ­ძი­მა­რი ოჯახს შორიდან ამ ფორ­მით გა­მო­უ­ცხადეს და ოკუპირებულ სოფელ ოტობაიას ცენტრში რამდენიმე წუთით დაკრძალვამდე დასვენებულ მიცვალებულს შორიდან გამოეთხოვნენ. გოჩა ტუ­ფუ­რი­ას ახ­ლო­ბე­ლი, ფე­რი­დე ქვა­რა­ია ყვე­ბოდა, რომ ვინც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ გა­და­დის, სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მყოფ ნა­თე­სა­ვებს სწო­რედ ამ სა­ხით, ხიდ­თან, მდინარე ენგურთან დას­ტი­რიან. იქვე ქელეხის სუფრას შლიან და დაღუპული ახლობლის სულს უფალს ავედრებენ.

 

ასევე, მიცვალებულის მორიგი დატირება მოხდა მდინარე ენგურის გამოღმა ნაპირზე, 2019 წლის 9 აპრილს. ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლების ნაწილმა მაშინაც მდინარე ენგურს გამოღმა დაიტირა. თუმცა, იმ ჯერზე ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდთან, ე.წ. საზღვართან ცხედარი რუსმა სამხედროებმა მაშინ არ გააჩერეს

 

 

“რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით ხოლმე. შვიდი წელია, არ ვყოფილვარ სახლში. ჩემი ბიძაშვილია~, გვერდი გვერდ ვცხოვრობდით ოტობაიაში და ის ვერ დავიტირეთ”, – ამბობდა მაშინ ენგურს გამოღმა დარჩენილი ბიძაშვილი.

 

ვითარება არც 2021 წელს შეცვლილა…

 

 

წელიწადზე მეტია, რაც ენგურის ცენტრალური ხიდი ჩაკეტილია. ოკუპირებულ რეგიონში ჩარჩენილი მოსახლეობა გადმოსვლას ვერ ახერხებს, შემოვლითი გზით და მდინარის ე.წ. ფონით გადმოსვლა კი ტრაგედიებით მთავრდება. ბოლოს, ასეთი ტრაგედია, მიმდინარე წლის 7 აპრილს მოხდა, როდესაც მდინარე ენგურმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე დინების მიმართულებით თან წაიღო…

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X