
მის ბავშვურ ოცნებებში, ახალი წელი ჯერ კიდევ ზღაპრულ სამყაროსთან, ჯადოსნურ ღამესთან და თოვლის პაპასთან ასოცირდება. მოთმინებით ელოდება 31 დეკემბრის ღამეს. სჯერა, თოვლის პაპა თუ არ მივა, საჩუქარს მაინც გაუგზავნის. მანამდე კი უნდა გადარჩეს. რომ იარსებოს, ჟანგბადის აპარატი ჰაერივით სჭირდება.
5 წლის გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე და კორონავირუსი ერთად დაამარცხა. ვირუსმა ჰაერის უკმარისობა დაუტოვა და ახლა ის ჟანგბადის აპარატს საჭიროებს. ექიმების თქმით, ერთი წელი ასე უნდა იცხოვროს. ახლა, კლინიკიდან ნაქირავები აპარატით სარგებლობს. მისი მშობლები 10 დღეში ერთხელ 150 ლარს იხდიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თანხის გადახდის საშუალება კი არ აქვთ.
გიორგის ორი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავს. იმის გამო, რომ რაჭაში სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს, ამჟამად ბებიასთან, ჩოხატაურში იმყოფება. ოჯახმა ყველა უწყებას მიმართა დახმარებისთვის თუმცა პასუხი ჯერ არსაიდან ჩანს. გიორგის დედის თქმით, ჟანგბადის აპარატის შეძენა 2 500 ლარად არის შესაძლებელი, თუმცა იმის გამო, რომ საშუალება არ აქვთ, მის ყიდვას ვერ ახერხებენ.
„გიორგი, ოთხი წლის ხდებოდა როცა ხან რა აიტკივა და ხან რა. იაშვილის კლინიკაში თავზე კატე გადავუღეთ და დადგინდა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მაშინვე გაუკეთეთ ოპერაცია. რამდენიმე თვის წინაც გავუკეთეთ განმეორებითი ანალიზები და კარგი პასუხები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გიორგიმ სიმსივნე დაამარცხა. ცოტა ხნის წინ კორონავირუსი შეხვდა, ამის გამო კლინიკაში მოგვიწია ყოფნა, ისიც დაამარცხა, მაგრამ ახლა მუდმივად საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას.
ამჟამად აპარატზეა დამოკიდებული, რომელიც ნაქირავები გვაქვს, ყოველ 10 დღეში ერთხელ 150 ლარის გადახდა გვიწევს. გავიკითხეთ და გვითხრეს, რომ 2 500 ლარი ჯდება მისი შეძენა. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და მის შეძენას ვერ შევძლებთ. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გიორგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატის შეძენაში დაგვეხმარებიან. მინდა, რომ გიორგის და ჩემს დანარჩენ ორ შვილსაც ჰქონდეთ ნამდვილი, ბავშვური ახალი წელი.“- ამბობს, ბავშვის დედა, ეთერ ბარამიძე.
დედას სჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით, ჟანგბადის აპარატის შეძენას შეძლებს და გიორგიც მალე გამოჯანმრთელდება.
GE15TB7679445061100108 თიბისი ბანკი: მიმღები ემზარი ბარამიძე
GE25BG0000000162579635 საქართველოს ბანკი: მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი
საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ პაიპალით https://www.paypal.me/emzarbaramidze1968
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 4 შვილის დედა, ხატმწერი თეა გორდელაძე გარდაიცვალა – „40 დღე იშიმშილა და განწმენდილი წარსდგა უფალთან“























