
ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინოდრამატურგისა და პუბლიცისტის ცხოვრება, ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა. ერლომ ახვლედიანის ერთ-ერთი დიდი ტრაგედია, მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალება იყო. ამქვეყნიურ ცხოვრებაზე 2012 წელს თქვა უარი და იმიერში გადაინაცვლა…
მწერლის ოჯახში ახლაც დიდი განსაცდელია. შემოქმედის შვილს – ბაქარ ახვლედიანს ახლა საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება.
34 წლის ახალგაზრდას რამდენიმე თვის წინ მძიმე დიაგნოზი - დილატაციური კარდიომიოპათია დაუსვეს. მისი გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა.
გულის გადანერგვის ოპერაცია მინსკში ყველაზე იაფი ჯდება. ამისთვის კი 100 000 დოლარია საჭირო. ამ ეტაპისთვის მხოლოდ 20 ათასამდე აქვთ მოგროვებული. დრო კი არ იცდის, სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება დამძიმდეს.
„პრაიმტაიმი“ ბაქარის მეუღლეს გვანცა ვაშაკიძეს ესაუბრა.
„ბაქარის დიაგნოზი მკურნალობას არ ექვემდებარება. ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვაა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრება ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ მაშინ დაიყო, როდესაც ბაქარს უჰაერობა დაეწყო. დაახლოებით ერთი კვირა ამ პრობლემას უჩიოდა, ხანს გადაღლილობას აბრალებდა, ხანაც ნევროზს.
მერე თრომბმა დაარტყა და როდესაც სრულყოფილი გამოკვლევა გაუკეთდა, დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, ეს დიაგნოზი მკურნალობას არ ექვემდებარება, საჭიროა გულის გადანერგვა, რომელიც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გვაქვს. თბილისის მერიამ 15 ათასი ლარით, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 10 ათასი დოლარით დაგვაფინანსა. ჩვენი და საზოგადოების დახმარებით, ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ათას დოლარამდე შეგვიგროვდა.
ამჟამად ბაქარი ძლიერ პრეპარატებს იღებს, რომელიც თირკმელებზე ცუდად მოქმედებს და მისი მიღება დიდხანს არ შეიძლება. ამ პრეპარატის მიღება კი ოპერაციამდე უნდა გაგრძელდეს.
როცა თანხას ხელში დავიჭერთ ამის შემდეგ გავემგზავრებით მინსკში და დონორს დაველოდებით. თავად ბაქარს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს. მას ისედაც ტრაგიკული ცხოვრება აქვს გავლილი, 5 წლის იყო, რომ დედა მოუკლეს. 53 წლის იყო ბატონი ერლომი ბაქარი რომ დაიბადა. ბერი რთული პერიოდი გამოიარა მამა-შვილმა…
ჩემი მეუღლე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს თანამშრომელია. მისი სამსახური ძალიან გვეხმარება და გვერდში გვიდგას.“ – ამბობს გვანცა ვაშაკიძე.
თიბისი ბანკი: GE51TB7642345063300014 (GEL; EURO; USD)
საქართველოს ბანკი: GE76BG0000000193632200 (GEL; EURO; USD)
paypal.me/GvantsaVashakidze
მიმღები: გვანცა ვაშაკიძე (მეუღლე)
დანიშნულება: ბაქარისთვის
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























