21:59 | 2020-06-07 ავტორი: Prime Time

56 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია

56 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, – ასე იწყებს საუბარს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები, 56 წლის სურიკ ჩიჩიანი. ის გვიყვება რომ მხედველობა სრულიად მაშინ დაკარგა როცა 12 წლის იყო.

 

„მხედველობის პრობლემა დაბადებიდან მქონდა, დიაგნოზი გლაუკომა იყო პატარაობაში ოპერაციაც გამიკეთეს, სამი კლასი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,მირზოევკაში” დავამთავრე, მაგ დროს მხედველობა ჯერ კიდევ მქონდა თუმცა მიჭირდა, მე-3 კლასის მერე თბილისის უსინათლოთა სკოლაში, 202 სკოლა პანსიონატში გადამიყვანეს.

 

იქ სწავლის პერიოდში 12 წლის ასაკში ერთი შემთხვევა მომივიდა და ამის მერე მხედველობა სრულიად დავკარგე, აღარ მინდოდა სკოლაში წასვლა დავისტრესე და თითქოს ჩავიკეტე. დღემდე მახსოვს ყველაფერი რაც 12 წლამდე მინახავს, ფერები, ყვავილები, ჩიტები, ჩემი სოფლის გზები, შემიძლია მთელი სოფელი ფეხდაფეხ დამოუკიდებლად მოვიარო.

 

სკოლაში როგორც იქნა იმ შემთხვევის მერე დავბრუნდი, როგორც იქნა გადავლახე ეს სტრესი და გავაგრძელე სწავლა.

 

სკოლაში მედდა ჩემს ჩემი თანაკლასელს ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით. ერთი ვაჟიშვილი შეგვეძინა, ახლა უკვე 34 წლის ცოლ ქმარი ვართ და დღემდე ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ“, – გვიყვება სურიკ ჩიჩიანი


სურიკმა სკოლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წელში უნივერსიტეტში ჩააბარა. ის პროფესიით ისტორიკოსია და მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთადერთი უსინათლოა უმაღლესი განათლებით.

 

„სკოლის დასრულების მერე უნივერსიტეტში სწავლა მინდოდა გამეგრძელებინა და ვთქვი რომ გვიანი არასოდეს არ არის, მე ამას შევძლებ-თქო.

 

უნივერსიტეტში ჩავაბარე ისტორიულ ფაკულტეტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთადერთი უსინათლო ვარ უმაღლესი განათლებით, ზოგადად ძალიან აქტიური ვარ, ვესწრები ტრენინგებს, შეხვედრებზე დავდივარ და ვცდილობ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

 

ამ ეტაპზე ვმუშაობ კიდეც, მარნეულის სათემო რადიოში მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა სახელწოდებით ,,მნიშვნელოვანი დეტალი”, რომელიც ხუთშაბათობით გადის და მოუთმენლად ველოდები ხოლმე ხუთშაბათ დღეს.

 

მარნეულში არიან უსინათლოები, შშმ პირები ,რომლებიც ძალიან დათრგუნულები და ჩაკეტილები არიან. მე ამ ადამიანებს ვაჩვენებ რომ არაფერია შეუძლებელი, ისინი მეკონტაქტებიან როცა სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია სჭირდებათ და მეც ვუხსნი,ვაძლევ ინფორმაციას“, – გვეუბნება სურიკ ჩიჩიანი.

ავტორი: Prime Time

X