
პროფესიით ჟურნალისტი მარნეულელი აინურა ალიევა, რომელიც გარდაბანშია გათხოვილი, „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მეორე შვილის გაჩენა 6 აპრილს კარანტინის პერიოდში მოუწია.
ანურა ამბობს, რომ თვითონაც და მისი მეუღლეც ძალიან განიცდიდნენ სიტუაციას, და მშობიარობის მოახლოებას, რადგან ახალგაზრდა ქალს ბავშვის გაჩენა თბილისში ჰქონდა გადაწყვეტილი და კარანტინის პერიოდში თბილისამდე რამდენიმე ბლოკპოსტის გავლა მოუწევდა.
„მთელი ორსულობა ვფიქრობდი რომ ბავშვი თბილისის ერთ ერთ კლინიკაში უნდა გავაჩინო-თქო, როცა დრო მოახლოვდა განვიცდიდი ძალიან, ჯანდაცვის სამინისტროსაც კი მივწერე ამის შესახებ.
6 აპრილს დილის 4 საათზე მოგვიწია გასვლა მე და ჩემს მეუღლეს, წასვლამდე 112-ში დავრეკე და რითიც მივდიოდი, იმ ავტომობილის მონაცემები გადავეცი.
4 ბლოკპოსტი გავიარეთ: გარდაბნის გასავლელი, რუსთავის შესასვლელ-გასასვლელი და ბოლოს თბილისში შესასვლელი. ისედაც განცდებში ვიყავი და ამან უფრო ამაღელვა.
ერთი ამბავი ისიც იყო, რომ ვერც ჩემი და ვერც ჩემი მეუღლის ოჯახიდან ვერავინ წამოვიდა სამშობიაროში. მადლობა ღმერთს მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი. “ – ამბობს აინურა ალიევა.
აინურას და მის მეუღლეს გოგონა სახელად ,,ტომირისი” შეეძინათ. ახალგაზრდა ქალის თქმით, 6 აპრილი მისთვის და მისი მეუღლისთვის მთელი ცხოვრება განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან დიდი ნერვიულობა ბედნიერად დასრულდა.
ავტორი: მარიამ ქველაძე






















