
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დამშრალმა ბუნებრივმა ტბამ, შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ, შევსება დაიწყო.
შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანზე შორის, მდებარე, ქოჩების ტბა 2014 წლიდან თავისით დაშრა და სპეციალისტები იმედებს მის ბუნებრივ შევსებაზე ამყარებდნენ. დედოფლისწყაროელები თვლიან, რომ საუკუნეების წინ, კასპიისა და შავი ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა, შემდეგ კასპიის ზღვამ ასეულობით კილომეტრით უკან დაიხია და დედოფლისწყაროში, პატარა, მარილიანი ტბა დატოვა.
ადგილობრივი, ილია მარტყოფლიშვილი, „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ქოჩების ტბა, მეოცე საუკუნის ოციან წლებშიც დამშრალა და შემდეგ, ბუნებრივად შევსებულა.
„ჩემს ბავშვობაში, მოხუცებისგან გამიგონია, რომ ტბა ისე დაშრა, მარილს ურმებით ეზიდებოდნენო. გადმოცემით ვიცი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქოჩების ტბის მახლობლად რუსული სამხედრო ბაზები იყო განლაგებული. ბავშვობაში საბანაოდ სულ იქ დავდიოდით, უფროსებიც მახსოვს, რომლებიც სახსრებს და სხვადასხვა დაავადებებს ტბის ტალახით მკურნალობდნენ”-ამბობს მარტყოფლიშვილი.
დაახლოებით, ათი წლის წინ, ტბამ დაჭაობება და შემცირება დაიწყო.
ილია მარტყოფლიშვილი ყვება, რომ წყლის დონის შემცირების გამო, მოსახლეობა, შემოგარენში, ხვნა-თესვის სამუშაოებს აწარმოებდა.
„2014 წელი იქნებოდა, რომ ტბაში წყალი საგრძნობლად შემცირდა, ხალხმა მოსავლის მოყვანაც კი დაიწყო. წელს, ოქტომბრის დასაწყისიდან ჩვენთან სულ წვიმს. ტბაც ნელ-ნელა ივსება, მაგრამ არ მგონია, წვიმებთან იყოს კავშირში. თვითონ აქვს შევსების წყაროები, საიდანაც შეიძლება წყალი ჩადგეს”- ამბობს მარტყოფლიშვილი.
ტბის დაშრობის შემდეგ, 2016- 17 წლებში, ტბაზე არსებული მდგომარეობა გეოლოგებმა შეისწავლეს, თუმცა მათი დასკვნა საიმედო არ იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























