
ნაზი სვანიძეს თელავში ყველა იცნობს, ვისაც ქალაქში, მკერავთან, 60-იანი წლებიდან დღემდე, მამაკაცის კოსტუმი შეუკერავს. 79 წლის მკერავმა, მამაკაცის ტანსაცმელზე მუშაობა, 19 წლის ასაკში დაიწყო.
ოცნება ინგლისურის მასწავლებლობაზე მამის ნაადრევმა გარდაცვალებამ შეიწირა და ხელმოკლედ დარჩენილმა დედისერთა გოგონამ, სამკერვალო კურსები დაასრულა.
„თელავის მესამე სკოლა დავასრულე. წარმოიდგინეთ, 50-იან წლებში, ინგლისური ენა აქ უკვე პრიორიტეტად ითვლებოდა. მეც უცხო ენის მასწავლებლობა მინდოდა, მაგრამ მამის გარდაცვალებამ გეგმა შეცვალა და კერვა ვისწავლე“,- ყვება ხანდაზმული მკერავი „პრაიმტაიმთან“.
60 წელია, ნაზი სვანიძე საკუთარი პროფესიით, ოჯახს არჩენს. დრამატულად განვითარებულმა ცხოვრებამ, მას სხვა გზა აღარ დაუტოვა.
„ათეული წლებია, ოჯახს ამ ხელებით ვარჩენ. ერთადერთი შვილი მყავს, რომელსაც ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ფიზიკურად შრომა არ შეუძლია. იძულებული ვიყავი, სტუდენტი შვილიშვილისათვის სწავლის ქირა მე გადამეხადა. დღე და ღამ ვშრომობდი“,- ამბობს ნაზი.
სახელოსნო, სადაც მკერავი, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა, მისი საკუთრება არ არის. ასაკისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, ფართის მეპატრონემ, სახელოსნო, ხანდაზმულ ქალბატონს უსასყიდლოდ დაუთმო.
„ჩვენი სამკერვალო რომ დაიშალა, სამი კვადრატული ფართი მერგო. რაში გამოვიყენებდი. სადაც აქამდე ვიჯექი, იქაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, მაგრამ სხვა რა გზაა, პენსია და სოციალური დახმარება, წამლებში არ გვყოფნის.
მძიმე ცხოვრება მაქვს. ახლა რომ მიყურებთ, გჯერათ, რომ ათეული წლები, სხვა ადამიანებს, ტანსაცმელს ვუკერავდი და ვალამაზებდი?“- გვეუბნება ქალბატონი.

ბოლო დროს, ოჯახის ერთადერთ მარჩენალს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ჯოხის დახმარებით გადაადგილდება და ერთი თვალიდან მხედველობა აღარ აქვს.
„ჯოხით ძლივს დავდივარ, ერთი თვალიდან ვეღარ ვხედავ. ჩემს სახელოსნოში მაინც დავდიოდი, ორ კაპიკს ვშოულობდი.
ახლა ვირუსის გამო, ჩემი ასაკის ადამიანებს გასვლა აკრძალული ჰქონდათ, თან, ვინ რას შეიკერდა.
მესამე თვეა, სახლში ვარ. ეს უფეხებო კაცი დადის პურზე და პროდუქტზე. ტაქსები გაძვირდა, არ ვიცი, რამე აზრი თუ ექნება სახელოსნოში სიარულს. ვნახოთ, ამ ერთი თვალით, პურის ფულს თუ ვიშოვი“, – გვითხრა ხანდაზმულმა მკერავმა და მაინც იმედიანად დაგვემშვიდობა – ამდენი წელი ვისაც ვუკერე, ისინი მაინც არ მიმატოვებენო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























