
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, მრევლის ნაწილი, სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა.
„ძალიან საფრთხილო თემაა. წირვის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სიტკბოება რაც მიიღო ერთჯერადი ჭიქებით, დავთრგუნდითო, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. ასე თუ წავალთ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვირუსი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ საღვთო განგებულება რას გვიმზადებს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უამრავი ადამიანი გაწყვიტა ჭირმა თბილისში, უამრავი ეპიდემია ყოფილა და იმის შედეგები ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით. დღეს, რაკი არავინ არ იცის მისი ბუნება, როგორ იმოქმედებს, მითუმეტეს ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ქრისტეს, ეკლესიის ბუნება და ამითი ვხელმძღვანელობთ და ეს არის მთავარი პრინციპი ჩვენთვის სამოქმედო. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, სხვადასხვა ეპარქიაში ან სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, ეს დამაბნეველი ხდება”,-განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, ეს დამაბნეველია.
გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების საფრთხიდან გამომდინარე შემუშავდა.
ამ რეკომენდაციების თანახმად, მრევლს შეუძლია ეკლესიაში ზიარების შემდეგ სატკბილოს მიღებისას ერთჯერადი ჭიქები გამოიყენოს. თუმცა ზიარენის წესი ამ დრომდე უცვლელია და ეკლესიებში მრევლს ისევ საერთო კოვზიდან აზიარებენ.
ამავე თემაზე: ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლმა ე.წ. სატკბილო ერთჯერადი ჭიქებით მიიღო
ავტორი: თეა შონია






















