
დიზაინერი ანუკა ქებურია სოციალურ ქსელში თავისი შვილისა და ბაბუის, სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის ძალზედ თბილ ფოტოს აქვეყნებს.
ანუკას ნიკოლოზი მეორე ქორწინებიდან გაუჩნდა. დიზაინერს 20 წლის ქალიშვილი ჰყავს. პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს მუდმივად გაურბოდა. სამწლიანი რომანის შემდეგ ბედი ირაკლი ღოღობერიძეს დაუკავშირა.
ნიკოლოზი კი ერთადერთი ვაჟია მათ ოჯახში და როგორც ანუკა “პრაიმტაიმთან” ამბობს, ამით დიდი ბაბუა უზომოდ ბედნიერია. ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს.
ანუკა ქებურია: – 37 წლის ვარ და მთელი ამ ხნის მანძილზე, ასეთი გახარებული ბაბუ, ჯერ არ მინახავს. სულ გოგოები ვყავდით აქამდე, ქალიშვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ჩემი ნიკოლოზი ერთადერთი ბიჭია.
ნიკო რომ გაჩნდა, თენგიზმა ხანჯალი აჩუქა. სულ ველოდები ბიჭი როდის გაჩნდებოდა ჩვენს შთამომავლობაში და აი, ჩემი ხანჯალი ჰქონდეს საჩუქრადო. კიდევ წარწერით “დიდ ნიკოლოზს ბაბუასგან” აჩუქა წიგნი – “დიდი ქართველი მეფეები”.
მოკლედ, ძალიან ბედნიერია. რომ ვუყურებ, სულ სხვა ემოცია აქვს ნიკოს მიმართ, გოგოების მიმართ კიდევ სხვა ემოცია ჰქონდა.
ანუკას თავის ხუთი წლის წინანდელ კოლექციაში სახის დამცავი ფარი ჰქონდა გამოყენებული. 2015 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე დიზაინერმა ძლიერი ქალის ინსპირაციით წარმოადგინა კოლექცია, სახელწოდებით Women – “ქალები”.
ეს არც ახსოვდა, ჩვენების ფოტოებს შემთხვევით გადააწყდა.
“დამცავი ფარიც ერთ-ერთი ძირითადი აქსესუარი იყო ჩემს ჩვენებაში. ის ცხოვრებაში ტკივილისგან, სირთულისგან, პრობლემისგან, შურისგან, ბოროტებისგან და ნეგატივისგან გვიცავს.
დამცავი ფარი, 2020-შიც ძალიან აქტუალურია. ასე რომ, ვაპირებ სხვადასხვა დიზაინის ფარების წარმოებას, რომლებიც დაგვიცავს არამარტო ქალებს და არამარტო ნეგატივისგან, არამედ დღევანდელ რეალობაში ვირუსისგანაც! ” – გვითხრა სამი კვირის წინ ინტერვიუში ანუკამ.
დიზაინერი უკვე აწარმოებს სახის დამცავ ფარებს და ონლაინ ყიდის.
“პირბადეებიც გამოვუშვი და ფარიც, თვითონაც ჩანთაში მიდევს და დაწესებულებაში თუ მიწევს შესვლა, ვიკეთებ.”
გარდა ამისა, უნიფორმების და სპორტული სამოსის ხაზი აქვს. სპორტულ ხაზსაც ონლაინ ყიდის. ახალ კოლექციაზეც დაიწყო მუშაობა.
„მე და ნიკო ერთად ვმუშაობთ, იმ თვეში ამ კოლექციის ონლაინ-პრეზენტაციაც იქნება” – “პრაიმტაიმთან” ამბობს დიზაინერი.

























