
92 წლის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე გასაოცარ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. სულ ახლახან, თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალზე მისი ახალი ფილმის -„ოქროს ძაფის“ პრემიერაც შედგა. რეჟისორი ახალი ფილმის გადაღებაზეც ფიქრობს.
პარალელურად ფიზიკური აქტივობებითაც არის დაკავებული. სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოჩნდა – ქალბატონი ლანა ლეილა მესხის სახელობის კორტებზე ჩოგბურთის თამაშის დროსაა გადაღებული.
როგორც აღმოჩნდა, უკვე წლებია ჩოგბურთს თამაშობს, კვირაში ორჯერ და უცვლელ პარტნიორთან ერთად.
ლანა ღოღობერიძე „პრაიმტაიმს“ თავის სპორტულ გატაცებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე უყვება.
ლანა ღოღობერიძე: – ბევრი წელია ჩოგბურთს სულ ერთ პარტნიორთან ერთად ვთამაშობ. ტრენერი ადა პოღოსიანი ჩემი სპარინგ-პარტნიორია. ძალიან კომფორტულია მასთან ერთად თამაში, თან რომ ვიცი, კვირაში ორჯერ ერთი საათით უნდა ვეთამაშო. ძალიან კარგი პარტნიორია, კარგად თამაშობს. საქართველოს პირველობაში კარგი ადგილები ჰქონდა ყოველთვის. ზოგადად, ჩემთვის ჩოგბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ელეგენატურობის და კეთილშობილების არენაა.
– ვინ არის თქვენი ფავორიტი ჩოგბურთელი?
– რა თქმა უნდა – ფედერერი. ძალიან ვგულშემატკივრობ. ფედერერი ბევრად მეტია, ვიდრე მოთამაშე და სპორტსმენი. ისეთი კეთილშობილი და საინტერესო პიროვნება ჩანს, როგორიც თავად ეს სპორტის სახეობაა. ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვგულშემატკივრობ. ერთი შეხვედრა მოიგო. ძალიან კარგია, ვნახოთ, რას იზამს. საინტერესო პიროვნება ჩანს.
– სპორტის სხვა რომელიმე სახეობითაც ხომ არ ხართ გატაცებული?
– ახალგაზრდობაში, 50-იან წლებში მოთხილამურე და სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში ამ სპორტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ერთად ავდიოდით ბაკურიანში და კოხტა გორადან ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს მივცურავდით. მიყვარს ცურვა.
– მოკლედ, ლოგიკურად ვასკვნი, რომ ამ ასაკში რომ ასეთ ფორმაში ხართ, ერთგვარად სპორტის დამსახურებაა.
– ნამვილად.
– პლუს სწორი კვება?
– მართალი ხართ, სწორი და ცოტა კვება. ადამიანს ბევრად ნაკლები სჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეული. ბევრი ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. საერთოდ აღარ მიყვარს ხორცი. თითქმის არ ვჭამ, თითქმის.






















