
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 80.23% ლიდერობს.
„ტირანი“, „ევროპის ბოლო დიქტატორი“, – ასეთი შეფასებები ლუკაშენკოს 26-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ხშირად კეთდება და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა მისი პრეზიდენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მასობრივი აქციების ფონზე გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, არიან დაშავებული პოლიციელები და მომიტინგეები. ადგილობრივი მედია გარდაცვლილ მომიტინგეზეც წერდა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები უარყოფენ.
ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინი ლუკაშენეკოსთვის გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნავს, რომ მას რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.
„იმედი მაქვს, რომ თქვენი სახელმწიფოებრივი საქმიანობა ხელს შეუწყობს რუსეთ-ბელარუსიით ურთიერთობის შემდგომ განვითარებას ყველა სფეროში“, – აღნიშნავს პუტინი.
პუტინისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს სხვაგვარად „მიულოცა“ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ. „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი თვლის, რომ ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით არჩევნები აღარ ჩატარდება და მას თავად მოუწევს, უახლოეს წლებში ქვეყნის დატოვება.
„რა თქმა უნდა, ეს არის აგრესიული რეჟიმი. ლუკაშენკოს მონაწილეობით არჩევნები აღარ ჩატარდება. ის იძულებული იქნება დატოვოს ბელარუსი წელს ან მომავალში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს ჟირინოვსკი.
ვინ არის ლუკაშენკოს ოპონენტი არჩევნებში
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს ოპონენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა. თავად ტიხანოვსკაიას წინასაარჩევნო კამპანია მარტივ დაშვებებზე დგას: გამოუშვან ციხიდან პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ოპოზიციის მთავარი იმედების წყარო სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთადერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება მეტწილად პერსონალურ მოტივებს ეფუძნება, მისი ქმარი, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მაისის შემდეგ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლია და ციხეში ზის.
„20 წლის მანძილზე რაც მუშაობდა, ისიც აღარ მუშაობს, სწორედ ესაა, რის გამოც მთელი ერი საპროტესტო სულისკვეთებით გაერთიანდა“, – ამბობს ოპოზიციის მთავარი ლიდერი.
ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა
ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი 1994 წელს გახდა, ამ დრომდე კი სხვადასხვა პოლიტიკურ საქმიანობაში იყო ჩართული. 1970-იან წლებში პოლიტიკური საკითხების ინსტრუქტორად იმუშავა და 5 წელი წითელ არმიაში იმსახურა. ის მუშაობდა კომუნისტთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაშიც.

1982-90 წლებში აქტიურად მონაწილებდა კოლექტივის საქმიანობაში, 1990 წელს კი ბელარუსის სსრ-ს პარლამენტის წევრად აირჩიეს, სადაც შექმნა ფრაქცია, სახელწოდებით კომუნისტები დემოკრატიისთვის. აღსანიშნავია, რომ 1991 წლის დეკემბერში ის იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა კავშირის დაშლის შეთანხმებას.
ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პირველი ვადა 1999 წელს იწურებოდა, მან საქმიანობა 2001 წლამდე გააგრძელა, ხოლო 2001 წელს მეორედ იქნა არჩეული. 2004 წლიდან მან ისევ დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებაზე ფიქრი, რითაც მესამე ვადით პრეზიდენტობის უფლებას მოიპოვებდა. შედეგად, 2006 წელს მან არჩევნები მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო თავის 26-წლიანი მმართველობის პერიოდში არჩევნებს უხეში დარღვევების ფონზე ატარებდა. გარდა გაყალბებებისა, ის წინასაარჩევნოდ თავის ოპონენტებს სხვადასხვა მიზეზებით აპატიმრებდა.
9 აგვისტოს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მინსკში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არეულობა დაიწყო, რომელიც დილამდე გაგრძელდა. შედეგად არიან დაშავებულებიც და დაკავებულებიც.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო 80.23%-ით ლიდერობს. მისი კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკია, რომელმაც ხმების 10% აიღო, ცესკოს მონაცემებს არ ენდობა და აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მან ხმების 70-80% აიღო.























