15:22 | 2020-08-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“აწი მეტროში სიმღერა აღარ მადარდებს, სახლი მაქვს” – ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს

“აწი მეტროში სიმღერა აღარ მადარდებს, სახლი მაქვს” – ვინ აჩუქა ბინა 9 აპრილის გმირს, ლელა ვეფხვაძეს

ლელა ვეფხვაძე – 9 აპრილის ხმა და სიმბოლო, რომლის ომახიან ნამღერს – “დაუკარით” დღემდე ემოციების გარეშე ვერავინ უსმენს, 27 წელი უსახლ-კაროდ, ნაქირავებში ცხოვრობდა. კეთილი ადამიანების მიერ წამოწყებულ კამპანიას კი, რომელიც მიზნად ლელას მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის ბინის შეძენას გულისხმობდა, კეთილი დასასრული მოჰყვა. ფონდმა “ქართუმ” 9 აპრილის მონაწილეს, ვარკეთილში, ოთხოთახიანი ბინა შეუძინა.

 

კამპანიაში ჩართული იყო ასევე 9 აპრილის მონაწილე ქალბატონი, ნანა მახარაძე, შავდროშიანი გოგონა მეჩითოვის ცნობილი ფოტოდან. ის ამჟამად იტალიაში ცხოვრობს და ამ ფაქტით გახარებული “ფეისბუქზე” ვიდეოსაც აქვეყნებს.

 

ქალი 9 აპრილის ფოტოდან იური მეჩითოვს: სისხლით მორწყული ეს დღე თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება

 

ნანა მახარაძე: – სოციალურ ქსელში წამოვიწყეთ აქცია – “ჭერი ლელასთვის”. ამ აქციით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს 9 აპრილის გმირის დახმარებისკენ მოვუწოდებდით. პრობლემის გადაწყვეტა და ღირსების საქმედ გადაქცევა სამმა ადამიანმა ითავა – მაკა სახურიამ, გელა იზორიამ და ლევან მაღლაკელიძემ. ვათენებდით იმედებით, იდეებით, კამათით… თითოეული ლარი მნიშვნელოვანი იყო. დიდი ქველმოქმედი აღმოჩნდა ფონდი “ქართუ”, რომელმაც მთლიანად დააფინანსა ჩვენი კამპანია “ჭერი ლელასთვის”.

 

ჩემო ლელა, მადლობა მეგობრობისთვის და მადლობა თავისუფლებისთვის.

 

ლელა ვეფხვაძე კი “პრაიმტაიმის” მკითხველს თავად უყვება ბინის შეძენამდე წამოწყებული კამპანიის და მისი ემოციების შესახებ.

 

No description available.

 

ლელა ვეფხვაძე: – ისეთ ემოციაში ვარ, ორი ღამე არ მიძინია. ასე მგონია, სიზმარში ვარ. გუშინ იუსტიციის სახლში გახლდით და ბინა გავიფორმე. აქამდე ჩემს სახელზე არასოდეს არაფერი ყოფილა და ნამდვილად მიხარია, რომ ამ ბინას ჩემი დაერქმევა. დიდი ოჯახი მაქვს. და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩემს შვილებს არავინ ეტყვის, ბინა დაცალეთო. როგორც 9 აპრილის მონაწილეს, ქირას, ნაწილობრივ, მერია მიხდიდა, მაგრამ ჩემს შემდეგ, ჩემს შვილებს არავინ გადაუხდიდა ამ თანხას. ამის დარდი მქონდა… საკმაოდ შერყეული ჯანმრთელობა მაქვს. 1992 წლიდან დღემდე მეტროში ვმღერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის. აწი აღარც მეტროში სიმღერა მადარდებს და ყველაფერსაც გავუძლებ. უკვე ჩემი სახლი მაქვს. სახლი ციხე-სიმაგრეა, შეხვალ და თავს მშვიდად იგრძნობ.

 

 

რაც შეეხება სახლის გადმოცემის წინაპირობას, ასეთი იყო. სახლი ორწლიანი ხელშეკრულებით მქონდა ნაქირავები. როგორც 9 აპრილის მონაწილეს, ქირის ნაწილს მერია მიფარავდა, ნაწილს მე ვფარავდი. მეპატრონემ დამირეკა და გამაფრთხილა, რომ ბინის გაყიდვას აპირებდა. ამ მოულოდნელმა ფაქტმა შოკში ჩამაგდო და “ფეისბუქზე” დავდე პოსტი, როდემდე უნდა ავიბარგო-დავიბარგო-მეთქი. ჩემთვის ძნელია, ყველა ადგილს ვერ ვეჩვევი. საერთოდ არ მიყვარს, ცხელ გულზე ასეთი პოსტების წერა, არც პესიმისტი ვარ. მაგრამ აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და ეს პოსტი ემოციური ამოძახილი იყო.

 

ჩემს პოსტს მოჰყვა გამოხმაურება ჟურნალისტებისგან. დამიკავშირდა “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი (საოცარი ბიჭია), რომელმაც სტატია მოამზადა ჩვენს პრობლემაზე. მერე “ტვ პირველმა” გააკეთა სიუჟეტი. შემდეგ პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი, მაკა სახურია დამეკონტაქტა. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ამ კამპანიას, რომელიც ორი თვე და ორი დღე გაგრძელდა. მერე მოითხოვეს “ფეისბუქზე” ანგარიშის გამოქვეყნება. გამოჩნდა ბიზნესმენი ლევან მაღლაკელიძე, რომელმაც ორი თვის ქირა დამიფარა. 8 ივნისს კი, სოციალურ ქსელში, დავდეთ ანგარიშის ნომერი და ხალხის შემოწირულობები მერიცხებოდა. ამ პერიოდში დაგვიკავშირდა გელა იზორია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს და ნანა მახარაძე იტალიიდან, რომელიც ასევე ცხრა აპრილის მონაწილეა…

 

 

 

საოცარი ადამიანია ნანა. მანამდე არ ვიცნობდი, თუმცა ვინ იყო, ვიცოდი. როგორ ახერხებდა ჩემთვის ბინის იტალიიდან მოძებნას, გაოცებული ვარ. მაკლერებს ეხმიანებოდა, ბინების ფოტოებს გვიყრიდა, მერე ჩვენ მივდიოდით და ბინებს ვათვალიერებდით.

 

ბინა ხომ ძალიან მახარებს, მაგრამ კიდევ უფრო მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასეთი ადამიანები შევიძინე. მე საერთოდ კონტაქტური ადამიანი ვარ, მიყვარს მეგობრები. პესიმისტი არ ვარ, მაგრამ დაპირებების არ მჯერა. ბინის ყიდვის თემასაც სკეპტიკურად ვუყურებდი. ამ ადამიანებმა კი დამაჯერეს, რომ მე ასე არ უნდა მეფიქრა. კომენტარებიც იმედს მაძლევდა, გვერდით დავუდგეთ, ჩვენი ღირსების საქმეაო და ასე შემდეგ. გული მიჩუყდებოდა…

 

31 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ახლა ბინის ქირისთვის - 9 აპრილის უსინათლო გმირი
2020-04-0931 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ახლა ბინის ქირისთვის - 9 აპრილის უსინათლო გმირი

 

 

არც ერთი ხელისუფლების დროს არ მქონია ბინა და ამაზე არავის უფიქრია. ცუდად არ გამიგოთ, არავის ვავალდებულებდი. საქართველოშიც ბევრია პრობლემური და სოციალურად დაუცველი ადამიანები და ყველას ვერ გაწვდება ხელისუფლება.

 

 

მაკა სახურიამ და ამ კამპანიის სხვა წევრებმა ბანკ “ქართუს” მიმართეს წერილით, მათ კი სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ბანკმა შემიძინა 89 კვადრატული ბინა. ხალხის ჩარიცხული თანხის ნაწილი ჩემი ოჯახის პრობლემებს მოვახმარე, ბევრნი ვართ ოჯახში. ამ თანხით ავეჯი უნდა შევიძინო. “ელიტ ელექტრონიქსმა” ტექნიკის ჩუქება დაგვპირდა.

 

 

აღარ ვიცი, ემოციები როგორ ვაკონტროლო. მადლობა უფალს, ყველაფრისთვის… მადლობა ნებისმიერ ადამიანს, ვინც თითო ლარი გაიღო ჩვენს დასახმარებლად. უფალმა შეუწიროს ყველას. მე რითი უნდა გადავუხადო, უფალმა მოგიზღოთ სიკეთით.

 

მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის. მე ამ სითბოს მეტროშიც ვგრძნობ. რომ არა ხალხის დამოკიდებულება, მე მეტროში ამდენ წელს ვერ ვიმღერებდი. საკმაოდ ძნელია. იქ ჟანგბადის დიდი უკმარისობაა. ამან დიდი პრობლემა შემიქმნა, სმენაზე იმოქმედა და იოგები დამისვა.

 

ეს საოცრება მოხდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახლს მაჩუქებდნენ და თან იმხელა ფართს, რომ ჩემს ოჯახს ყოფნოდა.

 

 

59 წლის ლელა ვეფხვაძე ორ ქალიშვილთან, ორ შვილიშვილთან, სიძესთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.

 

ნატო ვეფხვაძე, ქალიშვილი: – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ჩვენი სახლი გვქონოდა. ახლაც ვერ ამუშავებს ჩემი ტვინი ამ ინფორმაციას. ალბათ, საცხოვრებლად რომ გადავალთ და ჩემს სამზარეულოში დავჯდები, მერე ნელ-ნელა დავიჯერებ ამ სასწაულს.

 

ქალბატონი ლელას უახლოეს გეგმებში ავეჯის ყიდვა შედის. როგორც ამბობს, ბინების ცვლაში ძველი ავეჯი დაუზიანდა.

 

“და ასევე მინდა კბილები გავიკეთო. მომღერალს კბილი არ ჰქონდეს, არასასიამოვნო ფაქტია. აქამდე ჩემი სახსრებით ვერ გავწვდი. კბილის გაკეთების დროს, ის პერიოდი არ უნდა იმღერო. ეს კიდე ჩემი შემოსავლის გაჩერება იქნებოდა და ვერ ვახერხებდი… ახლა კი ამ ოცნებასაც ავიხდენ. მადლობა, ძვირფასო ადამიანებო…” – აცხადებს ლელა.

 

ჩვენ ეს შევძელით🎉🎉🎉ყველამ ერთად ❤️❤️❤️9 აპრილის გმირ ქალბატონს ოცნება ავუსრულეთ❤️❤️❤️გილოცავთ,მიყვარხართ და მეამაყებით!!!#ჭერი9აპრილისგმირს#ლელავეფხვაძე❤️❤️❤️მაკა❤️ლევან❤️გელა❤️

Posted by მარი ნანა მახარაძე on ორშაბათი, 10 აგვისტო, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

X