
ქეთი მელუა აჭარაში კლიპს იღებს. წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსის კლიპის რეჟისორი მარიამ სიჭინავაა. გადაღებები ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობდა. როგორც მომღერალი “ტვ 25”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მისთვის ბათუმი და შავი ზღვა სიხარულის მომნიჭებელია. კლიპს კი საზოგადოება შემოდგომაზე იხილავს.

ქეთი მელუა: – ვიდეოსთვის ისეთი ადგილები ვნახეთ, რომ მგონი, ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს ნამუშევარი. ეს ჩემთვის აჭარაში გადაღებული პირველი კლიპია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. შავი ზღვა და ბათუმი სიხარულს მგვრის.

მუსიკოსი ბათუმში დაიბადა და შვიდი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ქეთის ბათუმში ნათესავები ჰყავს და ზაფხულობით მათთან ჩადის ხოლმე.






















