
მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ დიდი სტრესი მიაყენა. სალომე, პანდემიის დაწყებამდე, ქალაქ ბეირუთში, მეგაშოუში – “ცეკვავენ ვარსკვლავები” მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობდა და იქ სამი თვე ცხოვრობდა. როგორც ჟურნალი “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, მისთვის დაუჯერებელი იყო იმის ყურება, რაც აფეთქებამ ლიბანის დედაქალაქს მოუტანა.
სალომე ჭაჭუა: – ეს კადრები რომ ვნახე, მაშინვე ჩემს მეგობრებს დავურეკე, ვინც იქ შევიძინე ისინი მოვიკითხე. საბედნიეროდ, ყველანი კარგად არიან. მე იმ პორტიდან, სადაც ეს აფეთქება მოხდა, მოშორებით ვცხოვრობდი.
ბეირუთში წასვლაზე, თავიდან ვორჭოფობდი. ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირებებია. თუმცა რაც იქ ვიცხოვრე, არანაირი საფრთხე და დაძაბულობა არ მიგრძვნია. საკმაოდ კონტრასტული ქვეყანაა. ვცხოვრობდი ბეირუთის ქრისტიანულ მხარეს. იქ თბილი ადამიანები ცხოვრობენ.

რაც შეეხება “ცეკვავენ ვარსკვლავებს”, ამ პროექტზე აქ და იქ მუშაობას, ვერ შევადარებ. საკმაოდ მაღალი დისციპლინა იყო ბეირუთში. ყველაფერი წინასწარ გაწერილ ვადებში ეტეოდა. ბევრს შრომობდი, მაგრამ ამ ყველაფერს არ ახლდა სტრესი. პროექტზე ბრიტანელები მუშაობდნენ და მათი მუშაობის სტილი მისაღები იყო ჩემთვის. მაქვს შემოთავაზება ევროპული ქვეყნიდან, თუმცა ჯერ მას ვერ დავასახელებ.
მოცეკვავემ თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 40 წლის ასაკში ცეკვას აღარ აპირებს. კიდევ ერთი წელი იცეკვებს, რადგან შემოთავაზებები აქვს.
“ერთი წლის შემდეგ კი, ვფიქრობ, თავი დავანებო მოცეკვავის კარიერას და მთლიანად ქორეოგრაფიაზე გადავერთო.
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ დედა გავხდე. მაგრამ ამას ძლიერი წრფელი სიყვარული სჭირდება, რომელიც ჩემს ცხვრებაში არ არის” – აცხადებს ჭაჭუა.






















