
12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და, ტალღებმა გაიტაცა. ნაპირთან მდგარი დეიდა, მათ საშველად ზღვაში გადაეშვა, მაგრამ ტალღემთან მიმართებაში, უძლური აღმოჩნდა.
საბედნიეროდ, ბავშვების გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ოზურგეთელი ქალბატონი, ია ჭარხალაშვილი მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერების გამოხატავს და შეკვეთილში მომხდარ შემთხვევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერი ამაოა, არარაობა ხარ მის წინაშე, იბრძვი, რომ როგორმე ორი უძვირფასესი სიცოცხლე გამოგლიჯო ხელიდან, მაგრამ არა, გიშორებს, გითრევს და გართმევს მათ, თითქოს გემუქრება:
ჩემთან შებრძოლება არც კი გაბედო, თორემ დასრულდები ჩემს მკლავებში და ვერავინ შეძლებს ჩემგან გაგათავისუფლოსო… ვერ შევძელი, ვერ შევებრძოლე. როცა გავაცნობიერე, რა ხდებოდა ჩვენ თავს, მხოლოდ ღმერთის იმედიღა დამრჩა, უფალს მთელი ხმით ვემუდარებოდი, ოღონდაც გადაერჩინა, ოღონდაც მათთვის ეშველა…
არ ვიცი, არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა უფალმა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად… ხო, სამი ანგელოზი, სამი გმირი ადამიანი, სამი ვაჟკაცი, რომლებიც დაუფიქრებლად გადაეშვა ამ ვეებერთელა ტალღებში, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. მათაც, დაუფიქრებლად გაწირეს სიცოცხლე, ხოო, გაწირეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი #თორნიკემაჭარაშვილი ყველაზე ბოლო ამოიყვანეს მაშველებმა წყლიდან…
სამწუხაროდ, სამივე მათგანი ვერ ვნახე და პირადად ვერ გადავუხადე მადლობა, თუმცა, რომელი ან როგორი მადლობა შეეფერება მათ გმირობას, არ ვიცი. ბიჭებო, ადამიანებო, უღრმესი მადლობა ამ თავდადებისთვის, ამ გმირული საქციელისთვის, რომ არა თქვენ და ის სანაპირო სამაშველო ბრიგადა, დღეს ჩვენ თბილ გოგოენებს, ვერ ჩავიხუტებდით…
თქვენ, არა მარტო მათი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსენით. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ და მადლობა ყველა იმ თანამგრძნობ ადამიანს, ვინც დღეს გვერთით დაგვიდგა და როგორც შეეძლოთ გვეხმარებოდნენ და გვანუგეშებდნენ…
უფალმა, დალოცვილი გამყოფოთ თითოეული თქვენგანი… მე თქვენ გადამარჩინეთ!“ – წერს ჭარხალაშვილი.






















