
ახალგაზრდა ბიჭის ისტორიამ, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა.
საქმე 21 წლის ალექს მუსაევს ეხება. მან თვითმკვლელობა სცადა, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მის შესახებ „პრაიმტაიმი“ ცოტა ხნის წერდა.
ალექსი ახლაც, კლინიკაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. „მეორედ დაბადებულმა“ ბიჭმა რამდენიმე დღის წინ, ახალი დაბადების შესახებ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
ამბობდა, რომ მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც მის გადარჩენაში წვლილი შეიტანა, ვინც მისი ბედით დაინტერესდა და ვინც დახმარების ხელი გაუწოდა, მაგრამ აწუხებდა ერთი კითხვა – რატომ გადარჩა.
სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, ალექს მუსაევს ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელი დაუკავშირდა და კონსულტანტის პოზიციაზე სამსახური შესთავაზა.
მოულოდნელმა ზარმა ის ძალიან გაახარა და სამომავლო მიზნების დასახვაში დაეხმარა, მაგრამ ალექსის პრობლემას მხოლოდ მცირე ხელფასი ვერ გადაუჭრის.
ახლა, მისი მთავარი პრობლემა უსახლკარობაა. ორ დღეში ის კლინიკას დატოვებს და ჯერ კიდევ არ იცის, სად წავა. ალბათ, ქუჩაში, სკვერში ან რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში.
მას ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვს. ვერც იქ წავა, სადაც აქამდე ცხოვრობდა… ძალადობის გამო, მამას სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პირისპირ შეხვედრა და მიახლოებაც კი, კანონით იკრძალება.
მართალია, მსხვერპლი ანუ ალექსი განმეორებითი ძალადობისგან ახლა, დაცულია, მაგრამ ის პრობლემის წინაშე პირისპირ დარჩენილი მარტოდმარტოა, სანამ ვინმე კეთილი ადამიანი არ გამოჩნდება და მას დახმარების ხელს იმისთვის არ გაუწვდის, რომ უბრალოდ იცოცხლოს და დაიჯეროს, რომ ცხოვრება მშვენიერია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის…
„ძალიან გამიხარდა, როცა ჩემს შესახებ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელიდან დამიკავშირდნენ და სამსახური შემომთავაზეს. მითხრეს, რომ კონსულტანტის ვაკანსია აქვთ.
მართლა ძალიან გამიხარდა და ვთხოვე რამდენიმე დღე, რომ კლინიკიდან გავეწერო და თავშესაფარი მოვძებნო, რომელიც არ მაქვს. აქედან მივდივარ, მაგრამ მივდივარ არსად!
მამასთან სახლში ვეღარ დავბრუნდები, მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობა ძალადობის გამო ვცადე, მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
დანაზოგი არ მაქვს და ბინის დაქირავების საშუალება. როცა მუშაობას მაღაზიაში დავიწყებ, მაინც ვერ შევძლებ ბინის დაქირავებას, რადგან ხელფასი არ მაძლევს ამის საშუალებას.
გამოსავალი არ მაქვს. აი, სწორედ ამის მეშინოდა, ამ გადაუჭრელ პრობლემასთან პირისპირ დარჩენის.
სამსახურის პრობლემა მოგვარდა, ამით ვიარსებებ, შევჭამ და გადასახადებს გადავიხდი, თუ თავშესაფარი მექნება, მაგრამ უბინაოდ სად უნდა წავიდე, როცა ორ დღეში კლინიკას დავტოვებ – ქუჩაში, სკვერში თუ მიწისქვეშა გადასასვლელში?!
გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა გადარჩენის შემდეგ, ინტერვიუში გითხარით: რისთვის გადავრჩი-მეთქი?!“ – ამბობს ალექს მუსაევი.























