
ჩვენ ირგვლივ არაერთი ადამიანია, რომლებიც განსხვავებულნი არიან გარეგნობით, ქცევებით, აღმსარებლობით, კანის ფერითა თუ სექსუალური ორიენტაციით. საზოგადოება მათ ერთი საერთო ტერმინით მოიხსენიებს – უმცირესობები.
ზოგადად, უმცირესობების მიმღებლობა ძალიან დაბალია, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით საზოგადოების ნაწილი LGBTQIA წარმომადგენლების მიმართ გამოირჩევა.
არაერთხელ გამხდარა ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი თანამოქალაქეების მხრიდან ოცი წლის ტრანსგენდერი ქალი სალომე ბარნოვა, რომელიც დღეს „პრაიმტაიმს“ თავის ისტორიას უყვება.
– სალომე გვიამბე შენი ბავშვობის შესახებ…
– ბავშვობა დღევანდელობისგან რადიკალურად განსხვავებული მქონდა. დაახლოებთ 14 წლამდე ეკლესიაში მითენდებოდა და მიღამდებოდა. 11 წლის ასაკში მივხვდი, რომ განსხვავებული ვიყავი. ყოველთვის მინდოდა, რომ როგორც ჩემი მეზობელი გოგონები ან ჩემი დები იცვამდნენ, ისე ჩამეცვა და ისეთი ვყოფილიყავი. მაგრამ არ ვიცოდი ამას რა ერქვა. მაშინ არ მქონდა ამდენი ცოდნა, რაც ახლა მაქვს. მეგონა ასეთი მხოლოდ მე ვიყავი მთელ მსოფლიოში და ეს მთრგუნავდა. 14 წლის ასაკში უკვე მძაფრად ვიგრძენი დისკომფორტი იმ გარემოს გამო, რომელშიც ვცხოვრობდი. იმიტომ, რომ ვერავის ვენდობოდი. ხანდახან მეგობრებთან ვამბობდი, რომ ბიჭი მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რეაქცია ჰქონდათ, მერე ვეუბნებოდი ვიხუმრე, იმიტომ, რომ სერიოზულად არ ყოფილიყო, ან სახლში არ ეთქვათ და რამე. ამიტომ თბილისში გავიპარე. იმედი მქონდა, რომ იქ მაინც გავარკვევდი რა მჭირდა.
– თბილისში როგორი იყო შენი ცხოვრების პირველი დღეები?
– თბილისში მარტო აღმოვჩნდი ქუჩაში. თავიდან აქაც ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა. პირველად ტრანსგენდერი სიტყვა გავიგე ერთ-ერთი სერიალიდან. მერე უკვე აღარ მრცხვენოდა, რადგან უკვე ვიცოდი, რაც მერქვა. არც სოფელში დაბრუნების სურვილი მქონდა, არც – თანხა. ოპერის გვერდით დღემდე იყიდება სახლი, ხის მოაჯირები აქვს, იქ მეძინა, ზამთარი რომ იყო. რკინაზე არ მინდოდა ძილი, მეძინა ხის საფეხურებზე იმიტომ, რომ უფრო თბილად ვყოფილიყავი. იმ პერიოდიდან მიცნობს სანდრო, რომელიც მუდმივად მაკითხავდა. ის მეხმარებოდა საკვებით და ერთი მეგობარი, რომელიც ახლა ბელგიაშია. არ მინდა დავივიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების თანადგომა. მეგობრების დახმარებით, დღისით საჭმელი მქონდა, მაგრამ ისეთ სიტუაციაში არც ერთი არ ცხოვრობდა, რომ სახლში წავეყვანე.
– ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა, სახლიდან რომ გაიპარეთ?
– რომ წამოვედი, ოჯახიდან რაღაცა დიდი რეაგირება არ ყოფილა. არც პოლიციას მიმართეს. მობილური ტელეფონი არ მქონდა. სანდროს რომ ვნახავდი, ან ჩემს მეგობარს, ოჯახში ვრეკავდი და ვეუბნებოდი, რომ კარგად ვარ. დედას ვეკონტაქტებოდი, ეს იყო საკმარისი მაგ მომენტისთვის, იცოდნენ, რომ დავბრუნებულიყავი, ისევ უკან წამოვიდოდი. არც უკითხავთ მიზეზი, რატომ წამოვედი.
– მერე როგორ აეწყო მოვლენები, რამე განსაკუთრებული გარდატეხა მოხდა?
– ერთი წელი ვიცხოვრე ქუჩაში. ვიცოდი სხვა ტრანსგენდერებისგან, რომ ჩვენთვის თავის რჩენის ერთადერთი გზა სექსსამუშაოა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამ საქმეს ავრიდებოდი, რათა ვყოფილიყავი ერთადერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც სექსმუშაკობაზე უარი თქვა. ამაში მაქსიმალური როლი სანდრომაც ითამაშა. მაგრამ ერთ დღეს ჩამოვედი ბათუმში მეგობართან, გამოვიპარე, სანდრომ არ იცოდა. მაშინ პირველად ჩავები ამ საქმეში. უბრალოდ ყელში ამოვიდა სულ ვიღაცის ხარჯზე ყოფნა.
– სხვა სამსახურის პოვნა არ გიცდიათ?
– ფსიქოლოგიურად ძალიან რთულად გადავიტანე, თუმცა სამსახურის პოვნა გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განათლების მიღება ვერ შევძელი. სკოლაში რომ გამეგრძელებინა სწავლა, უნივერსიტეტში გრანტით ჩავაბარებდი. 15 წლის ვიყავი, როცა სოფელში სახლიდან წამოსვლის შემდეგ, პირველად ჩავედი. მაშინ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდს“ ჰქონდა ბანაკი და იქ ვესწრებოდი ტრენინგებსა და ლექციებს. ვმუშაობდი სუპერმარკეტში. მერე იქ ერთ გოგოსთან დავმეგობრდი, რომელსაც ჩემი ორიენტაციის შესახებ გავუმხილე. იმან ყველას მოსდო ეს ამბავი და ამის მერე დაიწყო ბულინგი. სიგარეტის მოსაწევად რომ გავდიოდით, ან შესვენებაზე, უკვე ალმაცერად მიყურებდნენ, პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ დადგე ჩვენს გვერდით, არ დაჯდე ჩვენთან ერთადო…ამ დროს თვითონ კაბინეტებში სექსი აქვთ და განსხვავებული ორიენტაცია აღიზიანებთ ვითომ. სამსახურიდან გამომიშვეს, მაშინ არ ვიცოდი, რომ შეიძლება ადამიანს უჩივლო, როცა განსხვავებული ორიენტაციის გამო სამსახურიდან გიშვებენ, კანონებს არ ვიცნობდი. მითხრეს, განსხვავებული ორიენტაციის რომ ხარ, ამის გამო შეიძლება კონფლიქტი მოხდესო. ეს არ ჩაუწერიათ გათავისუფლების მიზეზად, პირადად მითხრეს, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ამის შემდეგ წამოვედი ბათუმში და რვა თვე ვიყავი. უბრალოდ, სექსსამუშაო რომ არ იყოს, მართლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. არ მინდა, სხვისი კომფორტისთვის გენდერი ან ვიზუალი შევიცვალო, ამიტომ სხვა სამუშაოს დაწყების საშუალება არ გვაქვს. ამ საქმეშიც მხოლოდ საჭმელის და ბინის ქირის თანხას ვშოულობთ. თან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, ვიღაც გვერდით ოთახში უნდა იყოს, თორემ ზოგიერთი კლიენტი ისეთი აგრესიულია, რომ შეიძლება გცემოს, ან მოგკლას.
– გამხდარხართ ძალადობის მსხვერპლი?
– თბილისში მქონდა შემთხვევა, კლიენტმა დამჭრა. ჩვეულებრივად საიტზე ატვირთულია ყველა რეალური ინფორმაცია ჩემს შესახებ, ვინ ვარ, როგორი ვარ. შემოდის მომხმარებელი, კითხულობს და თვითონ მიკავშირდება. ასე დამიკავშირდა ერთ-ერთი. ავიყვანე ბინაში, ფული გადამიხადა და ბოლოს, როცა მოვემსახურე, თანხის დაბრუნება მომთხოვა, რაზეც უარი ვუთხარი. დაიწყო ჩხუბი. ვუთხარი, წასულიყო, თორემ პოლიციაში დავრეკავდი. ამაზე რეაქცია არ ჰქონდა. შესაშინებლად ავიღე სამზარეულოს დანა და ასე გავიყვანე გასასვლელ კარამდე. მოულოდნელად დამარტყა სახეში, დანა წამართვა და ხელზე დამისვა. დავიწყე ყვირილი. ჩემს ხმაზე მეზობელი შემოვარდა, სწორედ იმ დროს, როცა დანის დარტყმას ისევ აპირებდა და გადამარჩინა. პოლიცია მოვიდა და რომ გაიგო, რაც მოხდა, გამომძიებელმა მითხრა, დავტუქსავთო. მოკვლას მიპირებდა და გამომძიებელმა ასეთი რამ მითხრა. ფსიქოლოგიურად იმდენად ცუდად ვიყავი, რომ სამი საათი ვტიროდი და ვერ ვმშვიდდებოდი. შარშანაც მქონდა შემთხვევა, კლიენტს გავყევი აეროპორტისკენ, ნაგავსაყრელის ბოლოში, სადაც სრული სიბნელეა და უამრავი უპატრონო ძაღლია. ფაქტობრივად, იძალადა ჩემზე, თანხა არ მომცა და მანქანიდან გადმომაგდო. წარმოიდგინეთ, ვარ სრულიად მარტო, თან მანქანიდან გადმოვარდნის დროს მუხლი დამიზიანდა და სიარული მიჭირდა. ჩემდა საუბედუროდ, ტელეფონის ელემენტიც სადაცაა დაიცლება და აღმოვჩნდი საშინელ მდგომარეობაში. მოვასწარი და დავრეკე პოლიციაში, ვუთხარი, რომ გამაუპატიურეს. ავუხსენი, სადაც ვიყავი. ტრანსი რომ ვარ, არც მიხსენებია. არავინ არ მოვიდა. ჩემით ნელ-ნელა, წვალებით გამოვაღწიე იქიდან. სახლში ფეხით დავბრუნდი, ტელეფონი ჩავრთე დასატენად, სასწრაფო გამოვიძახე და მეგონა, პოლიცია დამიკავშირდებოდა, მაგრამ არავინ არ შემეხმიანა. ზოგადად, ასეთი არაერთი ამბავი მაქვს, მაგრამ ყველას ვერ მოვყვები.
– საზოგადოების მხრიდან თუ ყოფილა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება?
-საზოგადოების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მუდმივად ვარ. რეპლიკები ან გინება და დამცირება არაერთხელ მიგვიღია. ერთმა ტრანსმა თქვა და ვეთანხმები, შეიძლება ფიზიკური ტრავმა დაგავიწყდეს, მაგრამ ფსიქოლოგიურს ვერ დაივიწყებო. ჩემი აზრით, ამას გამიზნულად არ აკეთებენ. ვისაც დავაკვირდი, ესენი, ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები არიან – ადამიანები, რომლებსაც ან ჰქონდათ სექსი ჩვენთან, ან უნდათ და კომპლექსის გამო ვერ ბედავენ. ასეთები უფრო აგრესიულები არიან. თუ მარტო შეგვხვდებიან სადმე, არანაირ შეურაცხყოფას არ გვაყენებენ და სხვასთან ერთად თუ არიან, მაშინ გამოიდებენ თავს. ალბათ, საკუთარი დამალული სურვილების გადაფარვას ცდილობენ. არიან ქალები, რომლებიც აგრესიულები არიან, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება. სასულიერო პირებთან რომ ჩამივლია, იმათგანაც არ მიგვრძვნია რაიმე რეაქცია. მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ თავი ავარიდო ყველას. არის შემთხვევები, როცა გასართობად ან საჭმელად მივდივარ სადმე და ვიღაცები შეურაცხყოფას გვაყენებენ, კონფლიქტი ხდება და პოლიციას გადავყავართ განყოფილებაში. მერე მეცოდება და ვთავაზობ, მორიგებით დავასრულოთ საქმე. ზოგჯერ რომელიმე გასართობ სივრცეში არანაირი შეურაცხმყოფელი სიტუაცია არაა, მაგრამ სხვა პრობლემა იჩენს თავს. მაგალითად, მე და ჩემი მეგობარი ტრანსი ვიყავით ერთ-ერთ დაწესებულებაში. იქიდან გამოგვყარეს, რადგან ქალების ტუალეტში შევედით. ხომ ფაქტია, რომ მე, ტრანსი ქალი, მამაკაცების ტუალეტში ვერ შევალ? წარმოიდგინეთ, ვიზუალზე ვარ ქალი, ქუსლებზე ვდგავარ და უნდა შევიდე კაცების ტუალეტში, ეს უდიდესი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ან გასართობად შევდივარ სადმე და სანამ შევალ, იმხელა სირცხვილის კორიდორი უნდა გავიარო, რომ აღარ მინდა მერე არაფერი.
– მართლა ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევთ, მაგრამ განსაკუთრებულად რომელი გამოწვევების გამკლავება გიჭირთ?
– მე არ შემიძლია, 24/7-ზე დავჯდე და უბრალოდ სექსამუშაოში ვიყო ჩაფლული. რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, მაგრამ გადავლახე. ფსიქოლოგიურად მომაბეზრებელია, რომ სახლში, სადაც ვცხოვრობ, კლიენტებს ვემსახურები. მერე ის სახლი მეზიზღება. მაგიტომ ვიცვლი ძალიან ხშირად ბინას. სახლს, სადაც სექსსამუშაოთი ვარ დაკავებული, ვერ შევიყვარებ ვერასდროს. საკუთარი თავის ზიზღი გიჩნდება, რომ ვიღაც ადამიანს უნდა მოემსახურორო თანხის სანაცვლოდ. ჩემს ასაკში იწყებენ ცხოვრებას და მე ასე მგონია, რომ უკვე დავამთავრე. უნდა მოვცილდე ამ სექსამუშაოს, რამე ახალი დავიწყო. ზოგჯერ კლიენტებთან ვლაპარაკობ ამის შესახებ იმ იმედით, რომ შეიძლება ვიღაცა დამეხმაროს.
– თუ გყვარებია ვინმე?
– ორჯერ მიყვარდა, ორივეჯერ – ორმხრივად, მაგრამ ორივეს ახლა ცოლი ჰყავს. აწი არავის არ შევიყვარებ. იცით, რა მთრგუნავს? სიყვარული რომ უნდა დავმალო. ვიცი, ევროპაში შემიძლია, უფრო ლაღად ვიყო, მაგრამ საქართველო ძალიან მიყვარს და ვერასდროს დავტოვებ. სადაც ამდენი წელი გავუძელი, ალბათ კიდევ გავუძლებ. უკიდურესად რთულია ჩვენი თემის წარმომადგენლებისთვის, „ ისხდნენ სახლში და აკეთონ, რაც უნდათ“. გარეთ კი სიარულის უფლებასაც არ გაძლევს ეს ხალხი. მაქვს შემართების მომენტები, რამე რომ მითხრას ვინმემ, არ შევეპუები-მეთქი, მაგრამ ქვემოთ რომ ჩავდივარ, 5 წლის ბავშვი ვხვდები.
– ახლა თუ გაქვს ურთიერთობა ოჯახთან?
– ოჯახთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ბებია მყავს გულით ავადმყოფი, რომელმაც 14 წლამდე გამზარდა. საჭმელი მოჰქონდა, გვივლიდა. ჩვენ იმდენად გვიჭირდა, რომ მდინარეში ვყვინთავდით ხოლმე ჯართის მოსაპოვებლად, რკინებს ვეძებდით და ვაბარებდით. 5 ლარს რომ გამოვიმუშავებდით, ეგეც კარგი იყო, მაშინ პურსა და კარტოფილს მაინც ყიდულობდა. ხან ყანაში ვეხმარებოდით მეზობლებს და ამაში ფულს გვიხდიდნენ. ძალიან მთრგუნავდა ეს. ჩემი ასაკის რომ არავინ არ იყო, განვიცდიდი. მე კიდევ მაინც მამაკაცად აღმიქვამდნენ და ჯანდაბას, მაგრამ განსაკუთრებით მიჭირდა იმის ატანა, რომ ჩემს დასაც უწევდა ასე შრომა. ბებია იყო ჩვენზე მზრუნველი. ახლა ბებიას სანახავად ვერ ჩავდივარ. ერთხელ ჩავედი, და დეიდამ, რომელიც მასთან ცხოვრობს, გამომაგდო, მასთან არ შემიშვა. ჩვეულებრივად, თმა რომ გადავიპარსო, ჩავიცვა მამაკაცურად და ჩავიდე ისეთი, როგორიც მათთვის ვარ, არანაირი პრობლემა არ ექნებათ.
– თქვენი მომსახურებით ცნობილი ადამიანები თუ სარგებლობენ?
– ჩემი კლიენტები არიან პოლიტიკოსებიც, პოლიციის მაღალჩინოსნებიც, თანამდებობის პირებიც, სხვადასხვა ასაკის, მაგრამ მე არასდროს არ ვიტყვი მათ ვინაობას.
– სამომავლოდ სად ხედავ შენს თავს?
– დიდი სურვილი მაქვს, მესამე სექტორში წავიდე და დავიცვა სხვისი უფლებები ისე, როგორც სხვები იცავენ ჩემს უფლებებს დღემდე. მინდა სხვას მივცე მაგალითი, რომ თქვან, სალომე 14 წლიდან სექსმუშაკი იყო, მაგრამ მოახერხა და დააარსა არასამთავრობო ორგანიზაციაო. მინდა ამ სტატიის საშუალებით მივმართო ყველას, ვინც არის სექსსამუშაოში ჩართული, რომ მოვძებნოთ გამოსავალი, რათა ამ ჭაობიდან აუცილებლად გამოვიდეთ.
– ოცნება თუ გაქვთ?
– მინდა, ერთ დღეს გავიღვიძო და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვიყო, შემეძლოს გარეთ გასვლა ისევე, როგორც ეს ჰეტეროსექსუალს შეუძლია, ვიღაცამ რომ აგრესიით არ შემომხედოს. მინდა, ასეთი მიმიღოს საზოგადოებამ. როგორც მათ უყვართ სიცოცხლე, ჩვენც ისე გვიყვარს. ჩვენ იმდენად გვაკლია სიყვარული, რომ გვთრგუნავს აგრესია და სიძულვილი. შეიძლება არ მოვწონდეთ სხვებს, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით აგრესიულები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
























