
მირანდა კუპრავა ბერი ანდრიას ფონდის მეგობარი და და დიდი გუშლშემატკივარია. თავის შვილთან ერთად ბახმაროში ისვენებდა, როდესაც სახელმწიფოსგან ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების შესახებ შეიტყო.
როგორც ამბობს, არც აპირებდა დარეგისტრირებას და ქალიშვილის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების აღებას, თუმცა გაუჩნდა იდეა – რატომაც არა, ამ თანხას აიღებს და ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს, რომელიც ამ თანხას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის მშენებარე სარეაბილიტაციო სახლის დასრულებას მოახმარს.
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა სოფელ დიღომში სამი წლის წინ დაიწყო და ის ხალხის შემოწირულობებით აშენდა. ეს იქნება საქართველოში პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები, სრულიად უფასოდ, სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

როგორც ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიანი “პრაიმტაიმთან” ამბობს, “ბედნიერი სახლის” მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და იქ რომ ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდეს, მის დასრულებას 300 ათასი ლარი სჭირდება.
მირანდა კუპრავამ კი ვიდეო ჩაწერა და მოუწოდებს ყველას, ვისთვის ეს თანხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მიბაძოს მას და ეს 200 ლარი ფონდს გადაურიცხოს.
ჩვენ არ ვყიდულობთ "ჯექსონებს", ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომლებსაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ სახელმწიფოს, მთავრობის,…
Posted by Mirandolina Kuprava on შაბათი, 15 აგვისტო, 2020
მირანდა კუპრავა “პრაიმტაიმთან” ამ გამოწვევის გაჩენის იდეას იხსენებს…
მირანდა კუპრავა: – სასტუმრო “ბახმაროში” დასვენებისას შევამჩნიე, რომ ამ თანხის აღებას, იქ მყოფთაგან, არავინ აპირებდა და ამიტომ ეს იდეაც გამიჩნდა. ყველაზე სწორი იქნებოდა, პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – სიმსივნით დააავადებული ბავშვებისთვის, გაგვეწია ეს დახმარება.
გამოწვევა დავიწყეთ, რადგან ბევრი ოჯახია საქართველოში, რომლებიც შვილებს ძვირადღირებულ კერძო სკოლებში ატარებენ და ბუნებრივია, მათთვის ეს თანხა არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მას არ აიღებენ…
პირველი იყო ნინო ქათამაძე, ვინც ჩემი ინიციატივა აიტაცა, არც დაელოდა სახელმწიფოსგან ამ ფულის დარიცხვას და იმ დღესვე გადმორიცხა ფონდის ანგარიშზე. გვითხრა, რომ მაგარი ინიციატივაა და თავისი შვილის სახელზე გადმორიცხა თანხა. სხვებიც ასე მოიქცნენ…
მოკლედ, თუ ჩვენ შვილებს დავანახებთ, რომ სიკეთე უნდა აკეთონ და ვეტყვით, რომ არსებობენ ბავშვები – პლანშეტი და ძვირფასი ფეხსაცმელი უნდათ კი არა, სიცოცხლისთვის იბრძვიან ყოველდღიურად…
ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი ამ იდეას, ბუნებრივია, დიდი სიხარულით შეხვდა.
თინათინ ჩხვიმიანი: – მე ვერავის ვეტყვი, თავიანთი შვილებისთვის განკუთვნილი თანხა ფონდისთვის გაიღეთ-მეთქი. ვიცი, ეს თანხა ბევრისთვის მნიშვნელოვანია. გაჭირვება გამომიცდია. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, თეფში და ჭიქა არ მქონია…
თუმცა ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, არსებობენ ოჯახები, ვისთვისაც ეს 200 ლარი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ მირანდა კუპრავას მადლობა ამ ინიციატივისთვის. როგორც მითხრა, მის ირგვლივ არიან ოჯახები, რომლებიც არც კი ფიქრობენ ამ თანხის აღებას.
ვუერთდები მირანდას გამოწვევას და მათ მივმართავ, ვინც არც კი აპირებს დარეგისტრირებას და ამ თანხის აღებას. აიღეთ ეს 200 ლარი და ბერი ანდრიას ფონდის მშენებლობის ანგარიშზე ჩარიცხეთ. იქნებ დავასრულოთ და ოქტომბერში გადავიდეთ სახლში.
ჩვენც ამ სარეაბილიტაციო სახლს ონკოლოგიური სენით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის ვაშენებთ. ეს თანხა მიზნობრივად მაინც ამ ბავშვებზე დაიხარჯებოდა.

ჩემს მაგალითს გეტყვით. ვცხოვრობდი ბედნიერად, სრულყოფილი ცხოვრებით. ჩემი ერთადერთი შვილი, ბერი ანდრია, რომელსაც საერო ცხოვრებაში ნუგზარი ერქვა, სწავლობდა, ემზადებოდა, დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. არ ვიცოდი, რომ ერთ უბედურ დღეს, ასეთ მძიმე დიაგნოზს დაგვისვამდნენ.

ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ არავინაა დაზღვეული. ამ დაავადებამ არ იცის, არც სოციალური მდგომარეობა, არც ეროვნება, არც მრწამსი… ასე რომ, თუ ამ სიკეთეში ჩაერთვებით, ჩვენც მადლიერები ვიქნებით და ღმერთიც შეგეწევათ.
მირანდა კუპრავაზე კი გეტყვით იმას, ის ფონდს გვერდში უდგას, პიარსა და მარკეტინგში გვეხმარება. მისი გაკეთებულია გამოწვევა – “დადე აგური”, რომლითაც 42 ათასი ლარი შემოგვივიდა და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სახლის მშენებლობა დავიწყეთ. სახალწლო სათამაშოებს რომ ვაკეთებთ და გამოფენა-გაყიდვას ვაწყობთ, ეს იდეაც მას ეკუთვნის. მერე ჩვენ განვავრცეთ და თექის ჩანთებიც დავუმატეთ ამ გამოფენა-გაყიდვის აქციას.
დედა თინათინ ჩხვიმიანი ძალიან გაახარა მთავრობის მეორე ინიციატივამ – სიმსივნით დაავადებული ადამიანების უფასო თერაპიამ.

თინათინ ჩხვიმიანი: – ძალიან დიდი თანხები იხარჯება თერაპიაზე. ერთი ბავშვის მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვს გართულება აქვს, მას კლინიკაში ხანგრძლი დაყოვნება სჭირდება. ეს დაყოვნება ზოგჯერ ხუთი ათასი ლარი ჯდება. შვიდი ათასიც დაგვჭირვებია. მედიკამენტებზე 30 პროცენტი (70 პროცენტს სახელმწიფო აფინანსებდა) მუდმივად იყო დასამატებელი.
ამდენად ძალიან დიდი შეღავათი მექნება მე ამ ბავშვებზე. მხოლოდ რეაბილიტაციის თანხა გვექნება გადასახდელი და ბევრად უფრო გაგვიიოლდება ჩვენი სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის დასრულება და ბავშვების ახალ გარემოში გადაყვანა, რომ ბედნიერები გავხადოთ, თავიანთი უბედური ყოფა დაავიწყდეთ.






















