
დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ორ შემთხვევაში ეპიდკვლევა მიმდინარეობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 4-ის წყარო არის ლენჯერი. 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან. 3 შემთხვევა არის იმპორტირებული. 2 შემთხვევაზე, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით, ხდება ეპიდკვლევა.
კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.
კვლავ გვრჩება 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. მძიმე პაციენტების რაოდენობა გახლავთ – 23. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა 20 გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.






















