19:49 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას – ბასილაშვილის ადვოკატი

ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას – ბასილაშვილის ადვოკატი

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასიაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის ადვოკატების მხრიდან ბრალის დამძიმებაზე და დაზუსტებაზე საუბარი მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, რომელიც აშშ-ში გასამართი ტურნირის წინ, ბასილაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორს უკავშირდება.

 

ირმა ჭკადუას თქმით, ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ იმიჯის შელახვას ცდილობს.

 

„ნიკოლოზ ბასილაშვილს წარდგენილი ჰქონდა ძალადობის მუხლის მეორე ნაწილი. როდესაც დაზუსტდა ბრალი და ეს არ მომხდარა დღეს, არამედ რამდენიმე თვის წინ, მას დაუზუსტდა ეპიზოდები პირველი ნაწილით.

 

შესაბამისად, ბრალის დამძიმებაზე საუბარი არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. დოროყაშვილი და მისი დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა ბატონ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა - სკანდალური საქმის გაგრძელება
2020-08-21ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა - სკანდალური საქმის გაგრძელება

 

ქალბატონი დოროყაშვილის მხრიდან ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ორ დღეში ბატონი ბასილაშვილი ამერიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. ჩვენ ამას დავამტკიცებთ სასამართლოში“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

ირმა ჭკადუა ნელი დოროყაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივი ვალდებულება შეასრულოს და ბასილაშვილის ოჯახის წევრებს ბავშვის ნახვის შესაძლებლობა მისცეს.

 

„საუბარი გენდერულ ნიშანზე, ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ძალიან უხერურხულია. ბატონ ბასილაშვილს ამაზე საუბარი არ სურს. საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებები აქვს შესრულებული ქალბატონ დოროყაშვილთან მიმართებაში.

 

ქალბატონ დოროყაშვილს მოვუწოდებ, შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ნუ უმალავს ბავშვს ბებიას, ბაბუას და მამას.

 

მან იფიქროს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე და მათი მხრიდან ფინანსურ მხარეზე ხაზგასმა, სულ ცოტა უხერხულია“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშილის უფლებადამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ უბრალოდ ბრალდების კვალიფიკაცია დაზუსტდა, რაც დამძიმებას არ გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X