19:26 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

როგორ ემზადებიან სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად (ვიდეო)

როგორ ემზადებიან სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად (ვიდეო)

15 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყება. წლევანდელი წელი გასული წლების სწავლებებისგან განსხვავებული იქნება.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სკოლას ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

 

უკლებლივ ყველა საგანმანათლებლო ცენტრის შესასვლელში განთავსებული იქნება სპეციალური დეზობარიერები, რომლის გავლაც მოსწავლეებს შენობაში შესვლამდე მოუწევთ.

 

ამის შემდეგ მათ გაეზომებათ ტემპერატურა და ხელებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავებენ.

 

საკლასო ოთახებში მერხებს შორის იქნება 1-მეტრიანი დაშორება, მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა საკლასო ოთახის ზომაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა რაოდენობა არ აღემატება 20 ბავშვს.

 

ახალი რეგულაციებისთვის სკოლები ეტაპობრივად ემზადებიან. ნაწილი მათგანი დამატებით რეგულაციებს ინდივიდუალურად ადგენს, თუმცა ყველა სკოლა მაინც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ მინიმალურ სტანდარტს დაექვემდებარება.

 

ამის გარდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სკოლებს დისტანციურ სწავლებაზე მოუწევს გადასვლა.

 

„პრაიმტაიმი“ დღეს 52-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მზადების პროცესი გადაიღო.

ავტორი: Prime Time

X