
სურამში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რომელმაც ცოლს ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლა, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნათლულია. თავად ზვიადაძე ადასტურებს, რომ ილია ქურდაძე მისი ნათლულია და აღნიშნავს, რომ ბრალდებული რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში სამკურნალოდ მიიყვანა.
„დაუშვებელია, რომ რომელიმე პიროვნება ცდილობდეს ბრალდებულს პასუხისმგებლობა აარიდოს თავიდან. ერთადერთი სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ გამოძიების მსვლელობაში არ შეიძლება ვინმე ჩაერიოს, გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად. შემდგომ უკვე სასამართლოზე იქნება დამოკიდებული თუ რა განაჩენს გამოიტანს. თუნდაც დაშვების დონეზე მსჯელობა, რომ ვინმე ცდილობდეს, რომ როგორღაც პასუხისმგებლობა აარიდოს, რაღაც მოგონილი მდგომარეობით, იქნება ეს ჯანმრთელობის თუ სხვა მდგომარეობა, ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი.
ვინც დანაშაული ჩაიდინა, მართებს ვალდებულება სასჯელიც იკისროს. ჰქონდა თუ არა მას ფსიქოლოგიური პრობლემები ამაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ, ექსპერტიზაც ამ შემთხვევაში გულისხმობს სამხარაულის ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს ობიექტურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და აუცილებლად ფსიქიკური მდგომარეობის საკითხსაც,”- აცხადებს ზვიადაძე.























