
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე გიორგი თერჯოლაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
„მოძღვრებს დავავალებ ამ საქმის გარკვევას, არ ვიცი რა მოხდა.
აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.
11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა“, – განაცხადა მეუფე გიორგიმ.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.
გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.























