
საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურა ბრალდებულისგან ჩვენების და ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, განმარტებას აკეთებს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე,- არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალის აღიარების მიზნით, სისტემა მათი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლას ახორციელებს.
არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებით, 29 აგვისტოს, შაბათს, არასამუშაო დღეს, ისე, რომ მათთვის არავის შეუტყობინებია, არჩილ გაგნიძესთან საქმის პროკურორი შევიდა, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას მოითხოვდა.






















