
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად გაეცნო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა და რომელსაც 23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი უნდა დაედგინა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობის შედეგად.
ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა თამარის სხეულში: საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
ოჯახს და ადვოკატს თვითმკვლელობის ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნია და კვლავ ითხოვენ სატელიტური ანტენებიდან მიღებულ ჩანაწერებს იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი და ავტომობილი იპოვეს.
სამედიცინო ექსპერტიზის გარდა სამხარაულის ბიურომ ჩაატარა კვლევაც დნმ-ზე, რითიც უნდა დადგენილიყო, რომ ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, დნმ იდენტურია.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.
ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოიღეს სხვადასხვა მედიკამენტიც.
სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით.
ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.























