
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სკოლის შენობები ცარიელი იყო და სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა.
მასწავლებლებს ცოცხალი გაკვეთილის ჩატარება მოენატრათ, ბავშვებს – სკოლა და მეგობრები.
და როგორც იქნა, ერთ კვირაში სკოლები ისევ ახმაურდება, ოღონდ – ახალი წესებითა და ქცევებით.
განათლების სამინისტრომ სკოლებს უფლება მისცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავად დაგეგმონ სასწავლო პროცესი.
რუსთავის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ქურდაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად ისე, რომ ყველა რეგულაცია იქნება დაცული.
მისი გადაწყვეტილებით, სკოლა, რომელიც აქამდე 1-ცვლიანი იყო, გახდა 2-ცვლიანი და სწავლას სხვადასხვა კლასები სხვადასხვა დროს დაიწყებენ და გაკვეთილების ხანგრძლივობაც განსხვავებული იქნება.
– პირველი ცვლის მოსწავლეებისთვის სწავლის დაწყების დრო და გაკვეთილის ხანგრძლივობა სხვადასხვა იქნება. ეს კეთდება იმისთვის, რომ კლასებისთვის შესვენება სხვადასხვა დროს იყოს დ ასევე შევძლოთ დერეფნების მოსწავლეებისგან განტვირთვა, მათი უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ამ ყველაფრის კონტროლი.
მაგალითად, მეორე სართულის განტვირთვისთვის, 9-ს რომ 15 დააკლდება, სწავლას დაიწყებენ I-II კლასები. 9 საათზე შემოვლენ V-XII კლასები. სკოლაში გაიხსნება ორი შემოსასვლელი და იქნება თერმოსკრინინგი.
პირობითად იქნება გამიჯნული ფლიგელები და ზუსტად ეცოდინებათ ბავშვებს, რომელი კლასი რომელი ფლიგელით ისარგებლებს. მეორე ცვლა მოვა პირველის 15 წუთზე. ესენი იქნებიან III-IV კლასელები და მეორე სართულს დაიკავებენ მაშინ, როცა I-II კლასელებს გაკვეთილები ექნებათ დასრულებული.
რეკომენდაცია გვაქვს, რომ ნახევარსაათიანი შესვენება გაკეთდეს, რომ ჩატარდეს საკლასო ოთახების, დერეფნებისა და საპირფარეშოების დეზინფექცია.
ვაპირებთ, დაზამთრებამდე გაკვეთილებისთვის აქტიურად გამოვიყენოთ სკოლის ეზოც. ჩვენ გვაქვს სკოლის ეზოში ღია საკლასო ოთახი და ვაკეთებთ კიდევ ორ სივრცეს, სპორტისა და სხვა საგნების გაკვეთილებისთვის.

ამას გარდა, VIII-XII კლასები გადაგვყავს ჰიბრიდულ მოდელზე და ლიმიტის ფარგლებში გაკვეთილების ნაწილი, ზოგიერთ დღეს მათ ჩაუტარდებათ დისტანციურად.
მოგვეთხოვება, რომ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ბავშვებს შორის დაცული იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ეს უნდა მოხდეს შესვენებებზეც. გაკვეთილების სხვადასხვა დროს დაწყება და გაკვეთილების განსხვავებული ხანგრძლივობაც ამას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება სკოლაში ზარის დარეკვას, იმისათვის, რომ ყოველ 10 წუთში ზარის წკრიალი არ ისმოდეს, გვექნება შიდა ზარები. ყველა კლასს ეცოდინება, მისი გაკვეთილი როდის დასრულდება. შესაბამისად, საერთო ზარი სკოლაში ალბათ ვერ დაირეკება.
თავიდან იყო აზრი, რომ მაღალ კლასებში ბავშვები გაყოფილიყვნენ, მაგრამ ახლა გვაქვს მითითება, რომ საკლასო ოთახებში ბავშვები დასხდნენ 1-მეტრიანი დისტანციით. ჩვენი სკოლის საკლასო ოთახები და ბავშვების რაოდენობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. თითო კლასში მაქსიმუმ 25 ბავშვია და მერხები ისე განვალაგეთ, რომ ეს დისტანცია არის დაცული. ერთადერთი კლასია, სადაც 30 მოსწავლეა და ისინი გადავიყვანეთ ბიოლოგიის ლაბორატორიის კაბინეტში, რომელიც ჩვეულებრივ საკლასო ოთახზე სამჯერ დიდია და ეგ პრობლემაც მოგვარდა.
ახლა სკოლაში მიმდინარეობს საპირფარეშოების რემონტი, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის ესეც დასრულებული იქნება და ყველანაირად მზად ვართ, რომ სკოლა ბავშვებს დახვდეს და ისინი უსაფრთხო გარემოში იყვნენ. განათლების სამინისტროდან მივიღეთ თერმომეტრები, დეზობარიერები, სადეზინფექციო საშუალებები და სათადარიგო პირბადეებიც. ამ კუთხითაც აღჭურვილები ვართ და სრულიად უსაფრთხო გარემოში იქნებიან ჩვენი ბავშვები.
ბავშვებს არ ევალებათ პირბადეების ტარება, მათ მხოლოდ ევალებათ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო მასწავლებლებსა და სკოლაში სხვა მომუშავე პერსონალს ევალება, დღის განმავლობაში პირბადით იყვნენ.






















