19:18 | 2020-03-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ჩემს მეუღლეს თავად რომ არ ეთქვა 1 კვირის წინ საფრანგეთშიც ვიყავითო, სახლში გაგვიშვებდნენ – მგზავრი

ჩემს მეუღლეს თავად რომ არ ეთქვა 1 კვირის წინ საფრანგეთშიც ვიყავითო, სახლში გაგვიშვებდნენ  – მგზავრი

სოციალური ქსელის მომხმარებელი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ ერთ-ერთ უკანასკნელ ავიარეისზე წერს. ის მეუღლესთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 მარტს ჩამოფრინდა. სოფიო კერესელიძის ინფორმაციით, მგზავრებს პასპორტს არ უმოწმებენ იმის დასადგენად, პირდაპირი რეისით ჩამოფრინდნენ საქართველოში, თუ – ტრანზიტით.

 

„პრაიმტაიმი“ სოციალური ქსელის მომხმარებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„არ იცით როგორ მიჭირს ამის წერა, რადგან ახლა, ფაქტიურად საომარ პირობებში ვართ პრეტენზიების დრო არ არის და ერთიანობა გვმართებს.

 

მე, როგორც ყოფილი საჯარო მოხელე, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ჩემს კოლეგებს და სახელმწიფოს ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ ის რეალობა რაც საზღვრის კვეთისას დამხვდა გუშინ ღამით და რაც, სამწუხაროდ, რადიკალურად განსხვავდება ამ FB ბაბლისგან კარანტინის შესახებ და აქ მოყოლილი ამბისგან.

 

პასპორტების კონტროლის დროს არ შეუმოწმებიათ ბეჭდები უბრალოდ გვკითხეს მხოლოდ სტამბოლიდან მოვფრინავდით თუ ტრანზიტი გქონდა, ჩვენ სტამბულში ვიყავით. ჩემს მეუღლეს თავად რომ არ ეთქვა რომ 1 კვირის წინ საფრანგეთშიც ვიყავით, გაგვიშვებდნენ სახლში.

 

რისკჯგუფის ქვეყნებიდან ორი რეისით ჩამოფრენილი მგზავრებისთვის არ არსებობდა რიგი, 300-მდე ადამიანი ერთად ირეოდა მაგიდების გარშემო და ვინც მოასწრებდა ის გადააწოდებდა პასპორტს, იყო საშინელი ჭყლეტა და აურზაური. ადამიანები ფიზიკური ძალით ცდილობდნენ ერთმანეთის წინ ჩადგომას.

 

მაგიდებზე გროვებად ეყარა პასპორტები, რამდენიმე პასპორტი დაიკარგა კიდეც.

 

არ არსებობდა ერთიანი მიდგომა. ჩემს თვალწინ ესპანეთიდან ჩამოსული რამდენიმე მოქალაქე გაუშვეს თვითიზოლაციაში იმავე ქვეყნიდან სხვები კარანტინში. არავინ პასუხობდა კითხვებს თუ რატომ?

 

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს) უფლება აქვთ ქვეყანაში შემოსვლის. (ზოგადად და მითუმეტეს გლობალური საფრთხის პირობებში ოჯახის ერთიანობის უფლება არის ფუნდამენტური ადამიანის უფლება.) ჩემს ქმარს, რომელიც არის ინვესტორი, ორი ქართული კომპანიის დირექტორი და ორი საქართველოს მოქალაქის მამა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არ უშვებდა ქვეყანაში და არ აძლევდა ჩემთან ერთად კარანტინში წამოსვლის უფლებას, ბევრს თუ ილაპარაკებ ამას „ვაფშე“ არ შემოვუშვებო მეუბნებოდა, არ გვიბრუნებდა მის პასპორტს, განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა და სრულიად ამაზრზენი იყო ის აშკარა თვითტკბობა, რასაც იმ მომენტში მას სხვა ადამიანების ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა ანიჭებდა. რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ შევძელი მისი კარანტინში გადმოყვანის დოკუმენტის გაფორმება.

 

ამის შემდეგ, 5 საათის განმავლობაში ვიყავით აეროპორტის ერთ-ერთ პატარა ფლიგელში სრულ უჰაერობაში, მანამ, სანამ ყველა დოკუმენტი გაფორმდა, ბარგი მოვიდა და გადაგვანაწილეს 3 ავტობუსში.

 

შემდეგ კიდევ 2 საათი ვისხედით ავტობუსში, სადაც იმ მომენტისთვის წყდებოდა თუ სად წაგვიყვანდნენ, საუბარი იყო 3 ლოკაციაზე. ბოლოს მოგვიყვანეს ვარკეთილში ერთ-ერთ სასტუმროში. ამ 7 საათიანი ლოდინის განმავლობაში არ გვქონდა სასმელი წყალი რის გამოც ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავით.

 

ყველაზე დამთრგუნველი და უსამართლო მთელ ამ პროცესში ის იყო, რომ ავტობუსიდან ჩაჰყავდათ უკვე კარანტინში გადასაყვანად გაფორმებული ადამიანები, რომლებმაც დილის 5 საათზე გააღვიძეს გავლენიანი მეგობრები და ნათესავები, ამ სატელეფონო საუბრებსაც შევესწარი, რის შემდეგაც ამოვიდნენ, თუ არ ვცდები, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენი ავტობუსიდან “მოხსნეს” ეს გოგონები.

 

ახლა, ვართ სასტუმროში, სადაც აივანი არ გვაქვს, ფანჯარა იღება ალბათ, 20 გრადუსიანი კუთხით, ვერ ვანიავებთ და არის მხოლოდ შიდა სავენტილაციო სისტემა, რის შესახებაც, ვკითხულობ, რომ საკარანტინო სივრცისთვის დაუშვებელია და არის ჯვარედინი დასნებოვნების ანუ cross-contamination-ის საფრთხე. მხოლოდ სტატიებს ვეყრდნობი თუ ვინმემ რამე იცით ამის რისკფაქტორების შესახებ მომწერეთ.

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ კარანტინი არის უპირობო და აუცილებელი ზომა! შესაბამისად, ეს პოსტი არ არის იმაზე თუ რატომ არ გამიშვით ჩემს 600კვ.მ. სახლში ან ვის გაუბედეთ ცხოვრების წესის ცვლილება. არა!!! მე სრულიად იმედგაცრუებული და დემორალიზებული ვარ იმ შერჩევითი დამოკიდებულებით, რაც გუშინ ვნახე!“ – წერს სოფიო კერესელიძე.

 

ცნობისთვის, დღეიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ორი კვირით აეკრძალათ, კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით.

 

აკრძალვა არ ეხებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, შერეულ ოჯახებს, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა, ჰუმანიტარული მისიით ჩამოსულ პირებს და ლტოლვილის, ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.

 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 38 შემთხვევა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X