
ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი მანდატია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რათა ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი დაემართოს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკს სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული.
„სამოქმედო გეგმა შეესაბამება ამ მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. სექტორისათვის პროგნოზირების ზრდისა და საზედამხედველო ღონისძიებებზე მეტი სიცხადისთვის, სამოქმედო გეგმა ასევე მიეწოდა კომერციულ ბანკებს. ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდა. ამასთანავე, დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორი მოცემულ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.






















